ევროკავშირი და პოლონეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის COVID-19-ის ვაქცინების მიწოდების პროცესს ააჩქარებენ
ევროკომისიამ და პოლონეთის განვითარების ბანკმა 13 დეკემბერს 35 მილიონი ევროს ღირებულების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ამ ნოვატორული შეთანხმებით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდებაში შეეწყობათ ხელი.
პოლონეთი დაეხმარება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, სათანადოდ და ახალი საჭიროებების გათვალისწინებით გადაანაწილონ ვაქცინების ხელთარსებული დოზები აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებზე. ის, ასევე, ზედამხედველობას გაუწევს ნებისმიერ აუცილებელ შეთანხმებას ვაქცინების მწარმოებლებთან.
გადაყიდვის შემთხვევაში, პოლონეთის განვითარების ბანკი წევრ სახელმწიფოებს ვაქცინების საფასურს ევროკავშირის მხარდაჭერით და არაკომერციული გარიგების პრინციპით აუნაზღაურებს. პროგრამა 2023 წლის ივნისამდე ან ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის ამოწურვამდე გაგრძელდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით აცრილი მოსახლეობის საშუალო რაოდენობა ექვს პარტნიორ ქვეყანაში მხოლოდ 28.7% იყო, ხოლო ჯანდაცვის მუშაკების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 70.3%-ს აღწევდა. ახალი მექანიზმი დაეხმარება პარტნიორ ქვეყნებს, დაუახლოონ ეს მაჩვენებლები ჯანმოს გლობალური ვაქცინაციის სტრატეგიის სამიზნეს: 40%-ს თითოეული ქვეყნის მოსახლეობისთვის 2021 წლის ბოლოს და 70%-ს — 2022 წლის შუა პერიოდისთვის.
ამ მექანიზმის ფარგლებში ვაქცინების პირველი პარტია პორტუგალიიდან სომხეთს უახლოეს კვირებში მიეწოდება. პროგრამაში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა ევროკავშირის წევრმა რამდენიმე სახელმწიფომ.
ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში, ოლივერ ვარჰელიმ მადლობა გადაუხადა პოლონეთს და აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება პარტნიორ ქვეყნებში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას დაეხმარება: „ეს არის ევროკავშირის სოლიდარობის პრაქტიკული გამოხატულება, რომელიც დაეხმარება პანდემიის შემდგომ აღდგენას რეგიონში. ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ის ხელს შეუწყობს ზოგადად ჯანდაცვის სტაბილურობას, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი პრიორიტეტია“.
დამატებითი ინფორმაცია
ევროკავშირის პასუხი კორონავირუსის პანდემიაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]