ევროკავშირის ნარკოტიკების სააგენტო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ნარკოტიკების ბაზრის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს
ნარკოტრეფიკინგის ახალი მარშრუტები, ონლაინბაზრების გაფართოება და ნივთიერებათა უფრო ფართო სპექტრის ხელმისაწვდომობა — ესაა იმ შედეგთა ნაწილი, რომლებზეც ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ევროპული ცენტრის (EMCDDA) ანგარიშში ვკითხულობთ.
სააგენტოს თანახმად, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ტერიტორიაზე ნარკოტრეფიკინგის რამდენიმე მსხვილი მარშრუტი გადის. კერძოდ, ევროკავშირის მოსაზღვრე ბელარუსზე, მოლდოვასა და უკრაინაზე გადის ჰეროინის ტრეფიკინგის ევროპისკენ მიმართული ჩრდილოეთის მარშრუტი. სამხრეთ კავკასიის ქვეყნები — აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი კი მდებარეობენ ავღანეთთან ახლოს, რომელიც ოპიუმის და ჰეროინის წარმოების გლობალური ცენტრია და ახლახან იქ მეტამფეტამინის წარმოებაც დაიწყო. რეგიონზე გავლენას ახდენს ავღანეთიდან მომავალი ჰეროინის ტრეფიკინგის ორი ძირითადი მარშრუტი (ბალკანეთის და ჩრდილოეთის მარშრუტები).
EMCDDA-ის მონაცემებით, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის აღმოსავლეთ რეგიონში ჰეროინის მოხმარება შემცირდა, ხოლო სინთეზური ოპიოიდების (მაგალითად, „ქუჩის“ მეტადონის) მოხმარება გაიზარდა — განსაკუთრებით ბელარუსში, მოლდოვასა და უკრაინაში. გარდა ამისა, რეგიონში დაბალია კოკაინის მოხმარებისა და ამოღების მაჩვენებელი.
„რეგიონში მთავარი ცვლილება, როგორც ჩანს, ნარკოტიკების ონლაინბაზრების გაფართოებაა. ეს ბაზრები ნარკოტიკების გაყიდვასა და შეძენაში ახლა უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთში და უკვე უკრაინაშიც“, — იტყობინება სააგენტო.
ანგარიშის კიდევ ერთი დასკვნის მიხედვით, რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში სინთეზური ნარკოტიკების წარმოებაში ორგანიზებული კრიმინალური ქსელები მონაწილეობენ. ამ ქვეყნებს შორისაა აზერბაიჯანი, სადაც მეტამფეტამინის პროდუქციის მასშტაბი, როგორც ჩანს, 2018 წლის შემდეგ გაიზარდა.
მონაცემებს საფუძვლად EMCDDA-ის მიერ 2019-2022 წლებში დაფინანსებული კვლევები უდევს. კვლევებს შორისაა ორ რეგიონში ჩატარებული 100-ზე მეტი თვისებრივი ინტერვიუ. ინტერვიუების რესპონდენტთა შორის იყვნენ საბაჟოს და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ჯანდაცვის პერსონალი, მკვლევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]