ევროკავშირის ელჩმა თბილისში მოინახულა ევროპული სკოლის მშენებლობა, რომლის გახსნაც 2024 წლის სექტემბერს იგეგმება
18 ივნისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ და საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ლისის ტბაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის მშენებლობა მოინახულეს.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის გახსნა 2024 წლის სექტემბერშია დაგეგმილი. ის მოსწავლეებს ორ საგანმანათლებლო პროგრამას — ეროვნულ და საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამებს შესთავაზებს. ორივე მათგანი მულტიკულტურულ განათლებაზე, ენების შესწავლასა და მაღალი ხარისხის სწავლებაზე იქნება ფოკუსირებული.
26,090 კვადრატულ მეტრზე განლაგებული სასწავლო კომპლექსი სკოლისა და საერთო საცხოვრებლის შენობებს, რაგბის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნებს, ბიბლიოთეკასა და სხვა საგანმანათლებლო სივრცეებს მოიცავს. სკოლის მრავალფეროვანი შიდა და გარე სასწავლო სივრცეები მოსწავლეებს სწავლის, ცხოვრებისა თუ თავისუფალი დროის ერთად გატარებისთვის მრავალმხრივ და უნიკალურ შესაძლებლობებს შესთავაზებს.
მიმდინარე წლის მაისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულმა სკოლამ, რომელსაც ამჟამად თბილისში მდებარე „ახალი სკოლა“ მასპინძლობს, თავის მოსწავლეთა მეოთხე ნაკადის მიერ სწავლის დასრულება აღნიშნა. სკოლა უმაღლესი ხარისხის განათლებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის — აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის მოსწავლეებს სთავაზობს. ამ გზით ისინი უკეთ დასაქმების შესაძლებლობას იღებენ და უკეთ იაზრებენ ევროკავშირის არსს.
საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომის გამცემი სასტიპენდიო პროგრამა 2018 წელს შეიქმნა. მას შემდეგ ევროკავშირის ორწლიანი სრული სტიპენდია 145-მა მოსწავლემ მოიპოვა. სექტემბერში 2023-2025 აკადემიური წლების პროგრამას დამატებით 20 მოსწავლე შეუერთდება.
დამატებითი ინფორმაცია
იმავე თემაზე: 2023 წლის გამოშვება: თბილისის ევროპულ სკოლას საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომით მეოთხე ნაკადი ამთავრებს
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]