ლისაბონში მდებარე ნარკოტიკების მონიტორინგის სააგენტო სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს
ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრი (EMCDDA) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცხოვრებ ახალგაზრდებს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში სამთვიან სტაჟირებაზე იწვევს.
1993 წელს დაარსებული EMCDDA ევროკავშირის დეცენტრალიზებულ სააგენტოთაგანია. ის ევროპაში ნარკოტიკებსა და წამალდამოკიდებულებაზე არსებული ინფორმაციის ცენტრალურ წყაროს წარმოადგენს.
სტაჟიორი პროექტის, ევროკავშირი ნარკოტიკების მონიტორინგისთვის (EU4MD), II ფაზაში ჩაერთვება. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის კოორდინირებას Reitox-ისა და გარე პარტნიორების ჯგუფის ფარგლებში მოქმედი საერთაშორისო კოოპერაციული სექტორი ახდენს. ინიციატივა ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებს ნარკოტიკების პრობლემის მონიტორინგში ეხმარება.
სტაჟიორი გააკონტროლებს, გააანალიზებს და უახლოეს ცნობებს შეკრებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) რეგიონში არსებულ ნარკოტიკების ონლაინბაზრებზე (მათ შორის Dark Web-ზე). ის ასევე წვლილს შეიტანს ENP-ის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონიტორინგში, მონაწილეობას მიიღებს EU4MD II პროექტის ღონისძიებების ორგანიზებაში და შეასრულებს სხვა მოვალეობებს.
სტაჟირებაზე განაცხადის შეატანა შეუძლიათ საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვის, სომხეთისა და უკრაინის მოქალაქეებს.
სტაჟიორი თვიურად 1,330 ევროს ოდენობის ანაზღაურებას მიიღებს. მისი სამუშაო ადგილი ლისაბონში მდებარე EMCDDA-ის ოფისი იქნება. EMCDDA ასევე დაფარავს სტაჟირების დაწყებისას და დასრულებისას გაღებულ მგზავრობის ხარჯებს.
სტაჟირების მსურველს მიღებული უნდა ჰქონდეს საუნივერსიტეტო ხარისხი ან ეკვივალენტური გამოცდილება კრიმინოლოგიის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ან სხვა რელევანტური სფეროების მიმართულებით. მას უნდა შეეძლოს სამეცნიერო ენაზე ინგლისურად წერა და უნდა აინტერესებდეს ნარკოპოლიტიკასთან თუ მონიტორინგთან დაკავშირებული სფეროები.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 12 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]