თბილისში ევროპული კულტურული მემკვიდრეობის კონკურსის გამარჯვებული ქართული პროექტი დააჯილდოვეს
7 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის თბილისის რეზიდენციაში საგანგებო ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებაზე ქართულ პროექტს, „მოქალაქეთა მიერ ცისკარაულების კოშკის (ახიელი, საქართველო) რეაბილიტაცია“, 2024 წლის „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო გადაეცა. კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის ეს ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ევროკავშირის პროგრამის, შემოქმედებითი ევროპის“ თანადაფინანსებულია.
ჯილდო კატეგორიაში, „მოქალაქეთა ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება“, ქართულმა პროექტმა იმ სამუშაოსთვის მოიპოვა, რომელიც ხევსურეთში რუსული ჭურვით დაზიანებული ცისკარაულების კოშკის გადასარჩენად ჩატარდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლას სენდროვიჩი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებული სხვა მოწვეული სტუმრები.
„ევროკავშირი პატივს სცემს და ხელს უწყობს საქართველოს უნიკალურ კულტურას. ეს მოიცავს დაფინანსებას საქართველოს შემოქმედებითი დარგების შენარჩუნებისა და განვითარებისათვის“, – განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა, – „ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო გააგრძელებს სვლას ევროკავშირისაკენ, რომ ერთ დღესაც საქართველოს არაჩვეულებრივი კულტურული მემკვიდრეობა ევროკავშირის განუყოფელი ნაწილი გახდება“.
ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია ქართველი და ევროპელი პროფესიონალების და ახალგაზრდა მოხალისეების თანამშრომლობის შედეგია. პროექტი განახორციელა საქართველოს ეროვნულმა ფონდმა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, The International National Trusts Organisation (INTO, გაერთიანებული სამეფო), წამყვან პარტნიორთან REMPART (საფრანგეთი) და ასოციაციასთან, Ducal Tower in Siedlecin (პოლონეთი) მჭიდრო თანამშრომლობითა და საერთაშორისო ფონდ „ალიფის“ (ALIPH Foundation) ფინანსური მხარდაჭერით.
„ევროპა ნოსტრას“ კონკურსის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში ჩართულ და კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ონლაინ მისცენ ხმა პროექტებს, რომელთა შორის გამარჯვებული „საზოგადოების არჩევანის“ 2024 წლის პრიზს – 10,000 ევროს ოდენობის ფულად პრემიას მიიღებს. ხმის მიცემა 22 სექტემბრამდე გაგრძელდება.
დამატებითი ინფორმაცია
იმავე თემაზე: ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო / ევროპა ნოსტრას ჯილდო: პროექტი საქართველოდან გამარჯვებულთა შორისაა
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]