ევროკომისიის გენერალური დირექტორატი ყურადღებას გაფართოებასა და აღმოსავლეთ სამეზობლოზე გაამახვილებს
1 თებერვლიდან ევროკომისიას ჰყავს გენერალური დირექტორატი გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებისთვის (DG ENEST), რომელიც პასუხისმგებელია გაფართოებისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებზე კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებთან მათი ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით. ეს ასევე მოიცავს კომუნიკაციას გაფართოების უპირატესობების შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის და გაფართოების პარტნიორებისთვის.
რეგიონული თანამშრომლობა და რეგიონული ინიციატივები, მათ შორის კანდიდატი ქვეყნების ეტაპობრივი ინტეგრაცია, ამ ქვეყნებში ევროკავშირში გაწევრიანებაზე მუშაობის პარალელურად, DG ENEST-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. ეს გენერალური დირექტორატი ასევე განახორციელებს ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური დახმარების უმეტესი ნაწილის მართვას გაფართოების პარტნიორების და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნების – სომხეთის, აზერბაიჯანის და ბელარუსისთვის. გარდა ამისა, გენერალური დირექტორატი განახორციელებს უკრაინის უწყვეტ და სტაბილურ მხარდაჭერას, გააგრძელებს მუშაობას უკრაინის აღდგენასა და რეკონსტრუქციაზე, და უმასპინძლებს უკრაინის დონორთა პლატფორმას.
კომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა განაცხადა, რომ მშვიდობა, თავისუფლება და კეთილდღეობა ევროპის კონტინენტზე დამოკიდებულია ევროკავშირის სიძლიერეზე, ერთიანობასა და ზომაზე.
„ეს არის ჩვენი გაფართოების პოლიტიკის არსი. 10 წლის განმავლობაში პირველად, არსებობს რეალური პერსპექტივა იმისა, რომ ამ მანდატის განმავლობაში ჩვენ შევძლებთ მოლაპარაკებების ფინიშის ხაზთან ერთი ან მეტი ქვეყნის მიყვანას“, თქვა მარტა კოსმა. „გასავლელი გზა რთული იქნება, მაგრამ მოხარული ვარ, რომ გაფართოების და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხების გენერალურ დირექტორატთან ერთად მეყოლება თავდადებული გუნდი, რომელიც იხელმძღვანელებს ცოდნით და ერთგულებით; ამ გუნდის მხარდაჭერით მომავალ წევრ ქვეყნებს დავეხმარებით საჭირო რეფორმების გატარებაში მათი ადგილის მოსამზადებლად ჩვენს კავშირში“.
ამ გენერალური დირექტორატის შექმნის შესახებ განცხადება გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისართა კოლეგიის პრეზენტაციაზე 2024 წლის სექტემბერში, ხოლო ოფიციალური გადაწყვეტილება კომისიამ მანდატის დაწყებისას, 2024 წლის დეკემბერში მიიღო.
დამატებით ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]