“მწამებლები ჯილდოვდებიან და მათ ხელისუფლება ახალისებს” – ინტერვიუ ლელა ცისკარიშვილთან
ქართველი უფლებადამცველი და ფსიქოლოგი, ლელა ცისკარიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში უპრეცედენტოდ მშვიდობიანი პროტესტი უპრეცედენტო სახელმწიფო ძალადობასა და სისასტიკეს აწყდება. ადამიანის უფლებათა სახლის ფონდთან ინტერვიუში, ლელა ცისკარიშვილი აღწერს მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებს, მიმოიხილავს საკუთარ გამოცდილებას წამების გადარჩენილთა რეაბილიტაციის შემთხვევებში და საუბრობს იმ ადამიანების გამძლეობაზე, ვისაც ეხმარება.
ლელა ცისკარიშვილმა თავისი კარიერა წამებისა და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების მსხვერპლთა რეაბილიტაციას მიუძღვნა. როგორც წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) აღმასრულებელი დირექტორი, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაცია და წამყვანი ძალა საქართველოში წამების წინააღმდეგ საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზებაში, მისმა საქმიანობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ყველაზე დაუცველ თემებს საქართველოში, უკრაინაში, ჩეჩნეთში და მის ფარგლებს გარეთ.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, GCRT-მა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა, საქართველოში, ადამიანის უფლებების თემაზე, არაერთი პროექტი განახორციელეს. ევროკავშირი საქართველოს ერთგული პარტნიორია დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გზაზე. ევროკავშირი საქართველოში ადამიანის უფლებების აქტიური დამცველია და ახორციელებს ისეთ ინიციატივებს, რომელიც მიმართულია დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ, გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობისა და უმცირესობებისა და ყველაზე დაუცველი ჯგუფების უფლებების დაცვისკენ.

ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა თუ დანაშაულის პრევენციის მიზნით, ევროკავშირი თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან უფრო უსაფრთხო და მდგრადი საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად. ევროკავშირი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ურყევი მხარდამჭერია. იგი აფინანსებს და ტექნიკურ დახმარებას უწევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, სამოქალაქო განათლება და ადვოკატირება.
რა სახის უფლებადარღვევებთან გვაქვს საქმე ამჟამად საქართველოში?
იმის გასაგებად, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, საჭიროა მოვლენების უფრო ფართო სურათის დანახვა. ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფოს ხელში ჩაგდება, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს იყო დემოკრატიის თანდათანობითი რღვევა, რომელიც 2024 წელს რადიკალურ ფაზაში გადავიდა. 2024 წლის გაზაფხულზე, რუსული გავლენით შექმნილი „უცხოური აგენტების“ კანონის ხელახალი ინიცირების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს, სასტიკი დარბევები დაიწყო. ქართულმა სპეცრაზმმა მშვიდობიანი მომიტინგეების ქუჩებიდან ძალადობრივი მეთოდებით გატაცება და სასტიკად ცემა დაიწყო, განსაკუთრებით ისინი ამოიღეს სამიზნეში, ვინც ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდა. ზოგს საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ დაესხნენ თავს, ზოგს უთვალთვალებდნენ, აშინებდნენ და ავიწროებდნენ, რათა მათი ხმა ჩაეხშოთ. სამოქალაქო საზოგადოება მთავარ სამიზნედ იქცა – დაიწყო აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების მიზანმიმართული დაშინება. მათი სახლები მუქარის შემცველი წარწერებით დაზიანდა, ხოლო ოფისებზე, მათ შორის თბილისის ადამიანის უფლებათა სახლზე, კოორდინირებული თავდასხმა განხორციელდა. ჩვენი ოჯახის წევრები, მათ შორის ბავშვები, მუქარის სატელეფონო ზარებს იღებდნენ.
2024 წლის 28 მაისს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი. ამის შემდეგ სამოქალაქო საზოგადოებამ ძალისხმევა უკვე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გადაიტანა. არჩევნების მონიტორინგის მისიები ამოქმედდა, რადგან გაყალბების მოლოდინი არსებობდა. თუმცა, თაღლითობის მასშტაბმა ყველაზე ცუდ პროგნოზებსაც გადააჭარბა.
არჩევნების გაყალბებიდან რეპრესიებამდე
2024 წლის 28 ნოემბერს მთავრობამ განაცხადა, რომ აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. იმავე დღეს, დიდი საპროტესტო აქციები დაიწყო.
ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში მომხდარი მოვლენები უპრეცედენტო იყო საქართველოს 21-ე საუკუნის ისტორიაში.
ნიღბიანი პირები – სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები – სასტიკად სცემდნენ და აწამებდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს ქუჩებში, მთელი მსოფლიოს დასანახად. პირდაპირ ეთერში, ტელევიზიითა და სოციალურ მედიით შუქდებოდა სახელმწიფოს მიერ სანქცირებული ძალადობის შოკისმომგვრელი შემთხვევები.
ათ წელზე მეტია, წამება თითქმის აღარ იყო საქართველოს ადამიანის უფლებათა დღის წესრიგის ნაწილი. ბედის ირონიით, ამჟამინდელმა მმართველმა პარტიამ 2012 წლის არჩევნები წამების საწინააღმდეგო მესიჯებით მოიგო და დაპირება გასცა, რომ დაასრულებდა იმ საშინელებას, რაც სასჯელაღსრულების სისტემაში ხდებოდა. ახლა, 2024 წელს, დე ფაქტო ხელისუფლებამ წამება დააბრუნა – ამჯერად თბილისის ქუჩებში.
სისტემური წამება და არაადამიანური მოპყრობა
წამების მსხვერპლთა საერთაშორისო სარეაბილიტაციო საბჭოს (IRCT) და წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციის (OMCT) მხარდაჭერით, GCRT-მა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) დამოუკიდებელი ფაქტების დამდგენი მისია შექმნეს. აღმოჩენილი მტკიცებულებები უდავოა – 200-ზე მეტმა ადამიანმა განაცხადა, რომ დაექვემდებარა წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას. და ეს მხოლოდ იმათი რიცხვია, ვინც გაბედა საუბარი – ბევრი დუმს, შიშისა და რეპრესიების გამო.
არსებობს ცალსახა მაგალითები, რომლებიც მიუთითებს წამებისადმი სისტემურ მიდგომაზე. ადამიანებს ერთნაირი მეთოდებით სცემდნენ პოლიციის ფურგონებში, რომლებიც სპეციალურად ამ მიზნისთვის იყო აღჭურვილი. ეს ბევრ სხვადასხვა ლოკაციაზე განმეორდა.

ზოგიერთ შემთხვევაში, სამედიცინო დახმარება განზრახ არ გაუწიეს ადამიანებს. სასტიკად ნაცემი აქციის მონაწილეები მიჰყავდათ პოლიციის განყოფილებებში, სადაც ექიმებს არ ახვედრებდნენ. ადვოკატებს, და არა სახელმწიფოს, უწევდათ სასწრაფო დახმარების გამოძახება. ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანები სასამართლო სხდომების დროს ტკივილისგან გონებას კარგავდნენ, რადგან საჭირო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებდნენ. სასამართლო სხდომები არ იყო რეალური – ეს იყო მოჩვენებითი პროცესები, რომლებიც დაშინების მიზნით ტარდებოდა. ყველა დაკავებული ან დაჯარიმდა, ან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გადაიყვანეს.
ჯარიმები რეპრესიების ახალ ინსტრუმენტად იქცა – ეს ფაქტობრივად ფინანსური ომია მომიტინგეების წინააღმდეგ. 2024 წლის 30 დეკემბერს მთავრობამ მიიღო ახალი დრაკონული კანონები, რომლის შედეგად ჯარიმების ოდენობა ათჯერ გაიზარდა. ამჟამინდელი ჯარიმები ბევრად აღემატება საქართველოს საშუალო თვიურ ხელფასს, რაც მშვიდობიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობას ფინანსურად დამღუპველს ხდის ბევრი ადამიანისათვის.
სპეცრაზმმა საპროტესტო აქციების დროს გადამეტებული რაოდენობით ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სუნთქვის ერთადერთი გზა სახის ნიღბით ან შარფით დაფარვა იყო. ამჟამად, პროტესტის დროს სახეზე ნებისმიერი საფარის ტარება კანონდარღვევად ითვლება და მძიმე ჯარიმას ითვალისწინებს. ბევრ ადამიანს ხანგრძლივი სუნთქვის პრობლემები განუვითარდა გაზის ზემოქმედების გამო. აქტივისტები დაჯარიმდნენ „გზების გადაკეტვის“ ბრალდებით, რაც ყოველთვისაა მასობრივი დემონსტრაციების ბუნებრივი შედეგი. GCRT-იდან პირადად ჩემი ორი კოლეგა დაჯარიმდა ამ საბაბით.
მწამებლები ჯილდოვდებიან და არ ისჯებიან
მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეზე პასუხისმგებელი არც ერთი პირი არ დასჯილა. პირიქით – ისინი დაჯილდოვდნენ. სპეცდანიშნულების რაზმის უფროსი, რომელიც უშუალოდ აკონტროლებდა ამ დარღვევებს, დაჯილდოვდა საპრეზიდენტო ღირსების ორდენით. შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც მაგნიტსკის აქტით სანქცირებულია, მიიღო ქვეყნის უმაღლესი ეროვნული ჯილდო. მთავრობის გზავნილი ნათელია: ვინც ამ დანაშაულებს ჩადის, ჯილდოს მიიღებს, და არა სასჯელს
დაზარალებულთა მხარდაჭერა: რატომ არის დოკუმენტირება მნიშვნელოვანი?
GCRT-ში ჩვენი მთავარი მიზანი წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთათვის ფსიქოსოციალური და სამედიცინო დახმარების გაწევაა. მომართვიანობა დიდია. მომიტინგეებს სახესა და სხეულზე მძიმე დაზიანებები მიაყენეს – ზოგს ცხვირი, მკლავები და ნეკნები ჰქონდა გატეხილი, ზოგს კი ცემის შედეგად ტვინის შერყევა ან სისხლჩაქცევები განუვითარდა. ბევრი მათგანი მუდმივ შიშში ცხოვრობს. მათი უმეტესობა სერიოზულ ფსიქოლოგიურ ტრავმას განიცდის – ზოგს პირში სისხლის გემო მუდმივად ახსენებს ძალადობას, ზოგს კი კოშმარებად უბრუნდება საკუთარი ან სხვისი ცემის სცენები.
ამ ადამიანებმა განიცადეს მძიმე ტრავმა. მათ უმეტესობას სჯეროდა, რომ ვერ გადარჩებოდა, ხოლო უმრავლესობა გაუპატიურების მუქარის ქვეშ იყო.
სამართლიანობა იწყება ჭეშმარიტებით. ამიტომ დოკუმენტირება აუცილებელია.
სასამართლო მტკიცებულებებისა და სამართლებრივი დოკუმენტების შეგროვებით ჩვენ ვადგენთ ამ დარღვევების სისტემურ ხასიათს. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ არსებობდა განზრახვა, ვამხელთ სისასტიკის სრულ ფარგლებს და ვქმნით ისეთ მტკიცებულებას, რომლის უგულებელყოფა შეუძლებელია.
მთავარი გამოწვევა ის არის, რომ მწამებლები ანინიმურებად რჩებიან. მათ სახეები დაფარული ჰქონდათ, ძალადობა კი უმეტეს შემთხვევაში სიბნელეში ხდებოდა, რის გამოც მათი იდენტიფიცირება რთულია. საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა მორღვეულია – ის არ ემსახურება ხალხს; ის ემსახურება ოლიგარქიას.
მაგრამ ჩვენ გვჯერა საერთაშორისო სამართლის.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. მსოფლიომ უნდა იცოდეს, რა ხდება საქართველოში. და ერთ მშვენიერ დღეს, ეს დოკუმენტაცია აუცილებლად იქნება გამოყენებული დამნაშავეების პასუხისგებაში მისაცემად.
თქვენ ორ ათწლეულზე მეტია მუშაობთ ადამიანის უფლებების სფეროში, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციაზე. რა იყო თქვენი მოტივაცია, ამ სფეროში მუშაობის დასაწყებად?
დავიბადე საბჭოთა კავშირში 1979 წელს. 1988 წლისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის მებრძოლი მოძრაობა სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა, ქვეყანაში ფართო საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, მოძრაობის წევრები შიმშილობდნენ. მახსოვს, მშობლებთან ერთად ვიყავი მანიფესტაციის ადგილს – ვნახე ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ კიბეებზე იწვნენ და ისე აპროტესტებდნენ. შემდეგ, 1989 წლის 9 აპრილს, რუსეთის ჯარებმა ძალადობრივად დაარბიეს დემონსტრაცია, რომლის მონაწილე მომიტინგეებიც გარდაიცვალნენ. მახსენდება მეორე დღის სიჩუმე – დეიდას სახლში, ქუჩებში, ჰაერში. აქციის ყველაზე ახალგაზრდა მოკლული 15 წლის გოგონა იყო. მალე, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და არჩევნები ჩაატარა.
მღელვარე დრო იყო.
1991 წელს დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელმაც დაამხო საქართველოს არჩეული პრეზიდენტი. როცა ომი დამთავრდა, მამაჩემმა რუსთაველის გამზირზე წამიყვანა, სადაც ტყვიის მასრები მიწაზე ეყარა. ჩემი სკოლა დაიწვა. სიურეალისტური იყო, ბოლომდე გააზრება შეუძლებელია. შემდეგ დაიწყო ომი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში – 300 000-ზე მეტი ადამიანი დევნილი გახდა. მოჰყვა 1990-იანი წლები: ახალგაზრდა კრიმინალები ძარცვავდნენ ქუჩებს, ატერორებდნენ ხალხს; კვირები ელექტროენერგიის გარეშე; პურის გრძელი რიგები; არ იყო გათბობა ან ცხელი წყალი. ამ ქვეყანას აქვს ღრმა ტრავმა. მისი ნაწილის მოწმე ვარ, როდესაც ვიზრდებოდი.
ტრავმული მოვლენების უშუალო მონაწილე არ ვყოფილვარ, ემოციურად სტაბილური ბავშვობა მქონდა, თუმცა, საქართველოში სტაბილური მხოლოდ გაურკვევლობა იყო.
ამ ყველაფრის ფონზე არსბეობდა რაღაც უცნაური, ტკბილი გრძნობა – საზოგადოების ერთიანობის განცდა. ხშირად, როდესაც მე და ჩემი მეგობრები ჩვენს თინეიჯერობაზე ვსაუბრობთ – ამ ძლიერ, რეალურ კავშირსა და ნაპერწკალს ვიხსენებთ, ვიდრე იმ შიშსა და საშინელებას, რომელშიც ჩვენ გვიწევდა ცხოვრება. ჩვენ რომ ზრდასრულები ვყოფილიყავით, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო რთული იქნებოდა. მაგრამ როგორღაც მშობლებმა დაგვიფარეს.
შემდეგ, 17 წლის ვიყავი, როდესაც მიმიწვიეს ღია საზოგადოების მიერ დაფინანსებულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად – ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც რუსეთი ღია საზოგადოებას ფუნქციონირების უფლებას აძლევდა. პროგრამამ შეკრიბა ახალგაზრდები კონფლიქტის ზონებიდან – საქართველოდან, აფხაზეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, ბალკანეთიდან და ჩრდილოეთ ირლანდიიდან. მოსკოვის მახლობლად მდებარე სოფელში ათი დღე გავატარეთ და ამ დღეებმა ჩემი ცხოვრება შეცვალა.
ის, რისგანაც საქართველოში დაცული ვიყავი, პირდაპირ შემომეჩეხა – თანატოლები კონფლიქტების სხვადასხვა ზონებიდან, ღრმად ტრავმირებულები, უნდობლები, ხშირად ერთმანეთს მტრებად აღვიქვამდით. მაგრამ, დროთა განმავლობაში რაღაც შეიცვალა. დავიწყეთ მოსმენა. ამოვიცანით ის, რაც ჩვენივე ნარატივების მიღმა იყო. ცნობისმოყვარეობამ შეცვალა ეჭვი. ჩამოყალიბდა მეგობრობა. და ჩვენ ვიცინეთ – ბევრი. ეს იყო წარმოუდგენლად კარგად შემუშავებული პროგრამა, რომელმაც სრულიად ახალი სამყარო აღმომაჩენინა. სახლში რომ დავბრუნდი, ვიცოდი, რომ მინდოდა კონფლიქტები შემესწავლა.
19 წლის ასაკში ჩემმა ერთ-ერთმა ლექტორმა მომცა შესაძლებლობა: მთარგმნელობითი სამუშაო არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც მუშაობდა აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან. სინამდვილეში, ისინი ალბათ მხოლოდ იაფ მუშახელს ეძებდნენ [იცინის], მაგრამ მე წარმოუდგენლად გამიმართლა, რომ ასეთი იაფი მუშახელი გამოვდექი. ამ შესაძლებლობამ ფსიქიკური ჯანმრთელობის ყველაზე ნათელი გონების ადამიანებთან დამაკავშირა – როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე. მე ამის უზომოდ მადლიერი ვარ.
მადლიერი ვარ, რადგან პროფესიულად, ასეთ ახალგაზრდა ასაკში ადამიანური ტანჯვის სიღრმესა და საზღვრებზე შემექმნა წარმოდგენა. ერთის მხრივ, მქონდა შესაძლებლობა, გავცნობოდი კაცობრიობის ყველაზე ბნელ მხარეს – სისასტიკეს, განადგურების და უზარმაზარი ტკივილის მინიჭების უნარს. მეორეს მხრივ, მე დავინახე ადამიანის სულის არაჩვეულებრივი გამძლეობა. სიბნელის, სილამაზისა და გამბედაობის თანაარსებობა გახდა ის, რასაც ვეღარ ვივიწყებდი. ამან ჩამოაყალიბა ჩემი პერსპექტივა და მომცა ენერგია წინსვლისთვის.
ამ გუნდმა GCRT დააარსა 2000 წელს IRCT-ის მხარდაჭერით. როდესაც 2005 წელს ჩვენი დამფუძნებელი, ნინო მახაშვილი წავიდა, მე დირექტორის მოვალეობის შესრულებას შევუდექი. ახალგაზრდა ვიყავი – ორგანიზაციის ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი – და შეშინებული. სავსე ეჭვებითა და დაუცველობით. უკან რომ ვიხედები, ვხედავ, როგორი კეთილგანწყობით მომცა GCRT-ის უფროსმა თაობამ ლიდერის როლში გაზრდის შესაძლებლობა.

ახლა, ორი ათეული წლის შემდეგ, GCRT უთვალავი გზით განვითარდა. და მეც. ჩემი პირადი მოგზაურობაც ღრმად არის დაკავშირებული GCRT-ის მოგზაურობასთან.
რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობა ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში? როგორ შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებას უკეთ იზრუნოს საკუთარ თავზე და როგორ შეიძლება ხელისუფლებამ უკეთ დაუჭიროს მხარი უფლებადამცველებს?
სამოქალაქო საზოგადოებაში არის ღრმა მოწამეობრივი სინდრომი – ტოქსიკური კულტურა, რომელიც ნორმალიზდება დაღლილობის, ზედმეტი შრომისა და თავგანწირვის კოლაფსამდე. ჩვენ ვადიდებთ გადაწვას, თითქოს ეს ერთგულების მტკიცებულებაა. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ არ არსებობს ჯანმრთელობა ფსიქიკური ჯანმრთელობის გარეშე.
როგორ შეგვიძლია ვემსახუროთ სხვებს, თუ თავად ძალაგამოცლილნი ვართ? თუ ჩვენ ვართ დეპრესიულები, გადამწვარნი ან აღგზნებული, ჩვენ კარგად ვერ დავეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებსაც ვჭირდებით. საკუთარ თავზე ზრუნვა ეგოისტური არ არის – ეს პასუხისმგებლობაა. როგორც ოდრ ლორდმა თქვა: „საკუთარ თავზე ზრუნვა არ არის პრივილეგია, ეს არის თვითგადარჩენა და ეს არის პოლიტიკური ბრძოლის აქტი“.
ამ საქმეში თავის მოვლა არ არის ფუფუნება – ეს არის მდგრადობა. მიეცით თავს პაუზის უფლება, რეფლექსიისა და სილამაზესთან ხელახლა დასაკავშირებლად – იქნება ეს ბუნებაში, სიხარულის მცირე მომენტებში თუ იუმორში. ამ პრაქტიკის გარეშე, ჩვენი გული გამკვრივდება. აი, ეს არის გადაწვა – არა მხოლოდ დაღლილობა, არამედ თანაგრძნობის უნარის დაკარგვა.
საქართველოში არსებული ვითარების გათვალისწინებით, როგორ ხედავთ მომავალს? რა გამოწვევებს ხედავთ, რა იმედები გაქვთ და რა გინარჩუნებთ მოტივაციას?
საქართველოში დიქტატურისა და დაჩქარებული დაღმასვლის მომსწრენი ვართ. დე ფაქტო ხელისუფლებამ ომი გამოუცხადა საკუთარ მოქალაქეებს – დევნა დაუწყო განსხვავებულ აზრს, იარაღად გამოიყენა პროპაგანდა, თრგუნა პროტესტი ძალით და დეზინფორმაციით. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მათ არ შეუძლიათ ხალხის სულისკვეთების ჩახშობა. სულ რამდენიმე დღეში ჩვენ აღვნიშნავთ საპროტესტო მე- 100 დღეს.
ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ვხვდებით, არ არის მხოლოდ ავტორიტარიზმი – ეს არის სახელმწიფოს სრული მიტაცება. არ გყვავს დამოკიდებელი ხელისუფლება. სასამართლო, საკანონმდებლო და სამართალდამცავი ორგანოები ერთი ადამიანის კონტროლის ქვეშ არიან. ივანიშვილი ქვეყანას მართავს როგორც მაფიოზური სინდიკატი და არა მთავრობა. არ არის დარჩენილი დემოკრატიული კონტროლი და ბალანსირება, ანგარიშვალდებულება, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც მისი ძალაუფლების საპირწონეა.
და მაინც, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მას აკლია ერთი რამ – საზოგადოების მხარდაჭერა. მისი ძალაუფლება მთლიანად აგებულია ძალასა და კონტროლზე, და არა ლეგიტიმაციაზე. საპროტესტო აქციების მოთხოვნები ძალიან ნათელია. ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და ახალი არჩევნები.
ასეთ მომენტებში ვუბრუნდები ვიქტორ ფრანკლის სიტყვებს აუშვიცში საკუთარი გამოცდილების შესახებ დაწერილი ნაშრომიდან „ადამიანი ეძებს აზრს“ :
”თქვენს კონტროლს მიღმა მყოფმა ძალებმა შეიძლება წაგართვან ყველაფერი, რაც გაქვთ, გარდა ერთისა: თქვენი თავისუფლება, როგორ იმოქმედებთ ამ სიტუაციაში.”
ეს არის ის, რასაც ვერც ერთი მთავრობა, ვერც ერთი დიქტატორი, ვერც ერთი სისტემა ვერ წაგვართმევს: საპასუხო ქმედების პოვნის უნარი. რეპრესიების დროს, არჩევანის გაკეთების, ჩართულობის, იმედის არჩევა ხდება მშვიდი წინააღმდეგობის აქტი.

არ ვიცი, რა იქნება მომავალში. არავითარი გარანტია არ არსებობს. მაგრამ რაც ნამდვილად ვიცი ისაა, რომ ადამიანები კვლავ აპროტესტებენ. მიუხედავად შიშისა, დაღლილობისა და გაურკვევლობისა, ისინი მაინც მტკიცედ დგანან.
რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდას, რომელიც სამოქალაქო აქტივიზმში ჩართვას აპირებს?
მრავალი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ პირველ რიგში: პატარა სიკეთეს და გამბედაობას დიდი ცვლილებები მოაქვს. არასოდეს დააკნინო მათი მნიშვნელობა. მიყვარს ეს გამონათქვამი: „ყოველდღე ვიღვიძებ შეკითხვით – გადავარჩინო მსოფლიო თუ დავტკბე ცხოვრებით? ჩემი რჩევაა: დატკბი ცხოვრებით, მანამ სანამ მას გადაარჩენ.“
იყავი ცნობისმოყვარე. დასვი კითხვები. ეჭვქვეშ დააყენე ავტორიტეტები. იყავი კეთილი, მაგრამ ასევე – თანამგრძნობი საკუთარი თავის მიმართ. თვითზრუნვა აუცილებელია, განსაკუთრებით ახალგაზრდა აქტივისტებისთვის. ეს საქმე რთულია და საკუთარი თავისადმი იგივე ემპათია უნდა გამოიჩინო, რასაც სხვებისთვის ინახავ.
ასევე, იყავი თამამი. იყავი ურჩი. შეარყიე სისტემა. გადალახე საზღვრები. ეჭვქვეშ დააყენე დამკვიდრებული წარმოდგენები. მსოფლიოს სჭირდება მიზანდასახული მეამბოხეები, რომლებიც არ მოექცევიან ჩარჩოებში.
სერიოზული ცვლილება სერიოზულ ერთგულებას მოითხოვს, მაგრამ მას სჭირდება თამაში, ენერგია და თავისუფლებაც. ისინი, ვინც წესებს არ ემორჩილებიან, ხშირად ისინი არიან, ვინც მათ თავიდან ქმნიან.
სტატია სრულად: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]