ევროკავშირი და გერმანიის მთავრობა მეწარმე ქალებს ბიზნესის განვითარებაში ეხმარებიან
ყოველწლიურად, საქართველოს მთიან რეგიონებში მოსახლეობა სულ უფრო მცირდება — ახალგაზრდები უკეთესი შესაძლებლობების საძიებლად ტოვებენ მშობლიურ ადგილებს და დიდ ქალაქებში, უფრო მეტად, თბილისში, გადადიან საცხოვრებლად. ეს განპირობებულია, სამუშაო ადგილების სიმცირით, მძიმე პირობებითა და სათანადო ინფრასტრუქტურის ნაკლებობით. ისინი კი, ვინც სოფლებში რჩებიან, ცდილობენ დაბრკოლებებს გაუმკლავდნენ და ადგილობრივი ეკონომიკა შეინარჩუნონ.
ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, EU4Business-მა და გერმანიის მთავრობამ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა (GIZ) და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები ქალებისთვის” დახმარებით, ერთობლივი პროექტი წამოიწყეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივის “ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი” (CESL) მიზანია, ხელი შეუწყოს, საქართველოს ოთხ რეგიონში: რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, გურიაში, იმერეთსა და კახეთში, ადგილობრივი მოსახლეობისათვის შემოსავლის წყაროების განვითარებას. პროექტი რეგიონებიდან თბილისში მიგრაციის შემცირებას და, პირიქით, რეგიონებში დასახლების მოტივაციის გაძლიერებას უწყობს ხელს.
ირმა ჩალაძე და მისი მეუღლე, ზაზა გიორგაძე, ორი წლის წინ, ქალაქ რუსთავიდან, გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ერკეთში გადასახლდნენ.
ირმა ყოველთვის ოცნებობდა, საკუთარი საქმე შეექმნა – რაღაც ისეთი, რაც არა მხოლოდ პირად სიამოვნებას მოუტანდა, არამედ სტაბილური შემოსავლის წყაროდაც იქცეოდა.
ირმას მეწარმეობის გზა შემთხვევით დაიწყო: ერთ დღეს, ინტერნეტში, სათბურს გადააწყდა. ინტუიციით მიხვდა, რომ სწორედ ეს იყო ის, რაც სჭირდებოდა და დაუყოვნებლივ შეიძინა.
“თუმცა, სათბურის აწყობა, მოვლა და მართვა ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე ინსტრაგრამის ვიდეოებში ჩანდა”, – იხსენებს ირმა. ამ მიმართულებით ცოდნის მისაღებად, ის უამრავ ტრენინგს, საინფორმაციო შეხვედრას და ონლაინ კურსს დაესწრო.
საბოლოოდ, CESL პროექტის მხარდაჭერით, მან საკუთარი ბიზნესიც წამოიწყო და მას “გურული ეზოს სათბური” დაარქვა. დღეს, ირმას სხვადასხვა სახის მწვანილი მოჰყავს და პროდუქტს ადგილობრივ მოვაჭრეებს აწვდის.
“სოფლის ცხოვრება მარტივი არ არის,” – ამბობს ჩალაძე. “მაგრამ, როცა ადამიანები გიჭერენ მხარს და გაძლევენ იმ ინსტრუმენტებს, რაც გაძლიერებისთვის გჭირდება, ხვდები, რომ უბრალოდ ვერ დანებდები. სოფლის ეკონომიკის გაძლიერება საცოცხლოდ მნიშვნელოვანია.”
სამომავლოდ, ირმა იმედოვნებს, რომ 50 კვადრატული მეტრის სათბურს გააფართოვებს და აგროტურიზმს განავითარებს. ცოტა ხნის წინ, მან საზღვარგარეთიდან ჩამოსულ სტუმრებს უმასპინძლა, ადგილობრივი ღირშესანიშნაობები აჩვენა და პრაქტიკული შეხვედრები ჩაუტარა – ასწავლა ხაჭაპურის მომზადება, ჩაის ფოთლების მოკრეფვა და თექაზე მუშაობა. ამ გამოცდილებამ კი ირმას ახალი იდეა გაუჩინა, რომ სტუმრები წლის ყველა სეზონზე მიეღო.
“ვფიქრობ, ეს მთელი სოფლისთვის მომგებიანი იქნება,” – ამბობს ის. “სოფელი ახლა თითქმის დაცარიელებულია – ხმის გამცემი მეზობელიც კი არ მყავს. იმედი მაქვს, ჩემი მაგალითი სხვა ადამიანებს შთააგონებს, დატოვონ ქალაქები და სოფლებს დაუბრუნდნენ.”
გურიის სოფელ გორაბერეჟოულში, ახალგაზრდა წყვილი, ხათუნა ბერიძე და გიორგი ტყეშელიაძე, “ბაბას მარანში” რეგიონის ერთ-ერთ საუკეთესო ბიო ღვინოს ამზადებენ.
ტყეშელიაძეს მეღვინეობისადმი ინტერესი ბავშვობაში გაუჩნდა, როცა მამას ვენახში მუშაობას აკვირდებოდა. იმ დროს, ძალიან ახალგაზრდა იყო იმისთვის, რომ ბოლომდე გაეთავისებინა ამ ხელობის სირთულე, თუმცა, ვენახით გატაცება დღემდე გამოჰყვა.
“მას შემდეგ, რაც 2018 წელს ჩემი მამამთილი გარდაიცვალა, გადავწყვიტეთ გაგვეგრძელებინა მისი საყვარელი საქმე,” – იხსენებს ხათუნა.
სულ მალე, წყვილმა, ორგანული ღვინოების წარმოება დაიწყო. მათ, ასევე, გააშენეს გორული მწვანე და ჯანი-სხილათუბანი – ორი უძველესი ქართული ვაზის ჯიში, რომელსაც საუკუნეების ისტორია აქვს. მათი მოსავალი ყოველწლიურად იზრდებოდა და მალევე, ბუნებრივი ღვინის ასოციაციას შეუერთდნენ.
წარმოების ზრდას უფრო მეტი შრომა სჭირდებოდა და ოჯახი ამ სამუშაოს ხელით ასრულებდა, რაც დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვდა. მათი შესაძლებლობების გასაზრდელად, CESL პროექტის მხარდაჭერით, წყვილმა მეღვინეობისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა შეიძინა.
ბერიძე ამბობს, რომ ამის შემდეგ მათი ღვინოების ხარისხი გაუმჯობესდა. ახლა, ისინი ყოველწლიურად დაახლოებით 1500 ბოთლ ღვინოს აწარმოებენ, რომლებსაც ადგილობრივ მარკეტებში, სასტუმროებსა და ონლაინ მაღაზიებში ყიდიან. სამომავლოდ კი, ისინი გაფართოებას და პროდუქციის ევროკავშირში გატანას გეგმავენ, სადაც ქართულ ღვინოზე უკვე დიდი მოთხოვნაა.
სტატია გამოქვეყნებულია EU4Business ინიციატივის მიერ
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]






