ახალგაზრდა სოციალური მეწარმე, რომელმაც ავტოფარეხი ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრად აქცია
მარიამ ჯაბნიაშვილი ახალგაზრდა სოციალური მეწარმე და ფსიქოლოგია ენისა და მეტყველების თერაპიის მიმართულებით. უმაღლესი განათლების მიღებისა და საკუთარი პროფესიით წლების განმავლობაში მუშაობის შემდეგ ის მშობლიურ ჟინვალში ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად და ბავშვთა კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად დაბრუნდა. მას გულმა ამ პატარა დასახლებისკენ იმიტომ გაუწია, რომ იცოდა, იქ მოზარდებისთვის განვითარების მწირი შესაძლებლობები იყო, არ არსებობდა არც საგანმანათლებლო და არც თერაპიული სერვისები — განსაკუთრებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის.
რადგან მარიამმაც ბავშვობა ჟინვალში გაატარა და იმავე სირთულეებს აწყდებოდა, რასაც სხვა ადგილობრივები, მას კარგად მოეხსენება, როგორ ცხოვრობენ იქაური ბავშვები და მათი ოჯახები. მრავალი გამოწვევისა და სიძნელის მიუხედავად, მარიამმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების მიღება თავისი ოჯახის მხარდაჭერით შეძლო. საბოლოოდ, სტუდენტობის დროს გაწეული შრომა და ძალისხმევა დაუფასდა და ახლა მზად არის, სხვა ბავშვებსა და ახალგაზრდებს დაეხმაროს, რათა მათაც შეძლონ საკუთარი გზის პოვნა, სირთულეების დაძლევა და უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა.
საგანმანათლებლო ცენტრის გახსნის იდეა ერთ ზაფხულს დაებადა, როცა ჟინვალში თავის ოჯახთან ისვენებდა. იქაურმა მშობლებმა შვილები მიუყვანეს – ისინი, ვისაც მეტყველებასთან, ქცევით დარღვევასთან ან სწავლაში ჩამორჩენასთან ჰქონდათ პრობლემები. მშობლებს იმედი ჰქონდათ, რომ მარიამი მათ ამ პრობლემების დაძლევაში დაეხმარებოდა. შედეგად, მარიამის დასვენება მუშაობასა და ყოველდღიური თერაპიული სესიების გამართვაში გადაიზარდა. სულ რაღაც ორი კვირის თავზე კი მან საოცარი რაღაც შენიშნა: ბავშვებს საგრძნობი წინსვლა ჰქონდათ.
„როცა თბილისში დავბრუნდი, მივხვდი, რომ იმ ბავშვებს კვლავ სჭირდებოდათ ჩემი მხარდაჭერა. სხვა არავინ იყო, ვინც ამას გააკეთებდა. სწორედ მაშინ გავიაზრე, რომ უნდა დავბრუნებულიყავი და მომეწყო სივრცე, სადაც ბავშვები ისეთ მხარდაჭერას მიიღებდნენ, როგორსაც იმსახურებდნენ“, გვიყვება მარიამი.
თავდაპირველად ის ბავშვებს თავის სახლში იღებდა, მაგრამ როცა მათი რიცხვი გაიზარდა, უფრო დიდი ფართის პოვნის საჭიროება დადგა. მეზობელმა თავისი ავტოფარეხის გამოყენება შესთავაზა. მარიამი საქმეს შეუდგა, ჭერი შეაკეთა, კედლები შეღება და ბეტონის ნაცრისფერი ოთახი ფერად სასწავლო სივრცედ აქცია – ეს ყველაფერი მან საკუთარი ხელებითა და ძმის დახმარებით გააკეთა. ასე ჩაეყარა საფუძველი „სოციალური განვითარებისა და განათლების ცენტრს“.
დღეს უკვე ყოფილი ავტოფარეხი ჟინვალსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 80-ზე მეტი ბავშვისთვის ძვირფას ადგილადაა ქცეული. ცენტრი 4-იდან 18 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს ეხმარება, ისწავლონ და განივითარონ მეტყველებისა და ენობრივი უნარები, გაიარონ ქცევის თერაპია, დაეწიონ სასკოლო პროგრამას, გაიწვრთნან ლოგიკასა და მათემატიკაში და — რაც ყველაზე მთავარია — ირწმუნონ, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ. ცენტრში დადიან როგორც შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები, ასევე ტიპური განვითარების ბავშვები. ისინი გვერდიგვერდ სხედან, ერთსა და იმავე თამაშებს თამაშობენ და ერთად ატარებენ დროს. თითოეული კურსი სხვადასხვა საჭიროებაზეა მორგებული და ბავშვებს ისეთი გამოწვევების გადალახვაში ეხმარება, როგორიცაა მეტყველების პრობლემა, ქცევითი დარღვევა, სწავლაში ჩამორჩენა თუ ემოციური პრობლემები.
ის, რაც ცენტრს გამოარჩევს, მარიამის მიდგომაა: ის ბავშვებს თამაშის პრინციპითა და საკუთარი ხელით დამზადებული საგანმანათლებლო მასალით ასწავლის, რაც მათ მოტორიკის, აზროვნებისა და ლოგიკის განვითარებაში ეხმარება. მარიამი რეგიონში ინკლუზიურ და არაფორმალურ განათლებას უწყობს ხელს და მიზნად სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვების შესახებ სტერეოტიპებისა და სტიგმების დამსხვრევა გაუხდია. მშობლები ამბობენ, რომ ბავშვებში მნიშვნელოვანი წინსვლა უკვე თვალსაჩინოა. მათ, ვისაც მეტყველების პრობლემები ჰქონდათ, საუბარი დაიწყეს; ისინი, ვისაც სწავლა უჭირდათ, უფრო მარტივად ითვისებენ ახალ მასალას; და მრავალმა მათგანმა ტექნიკური და მათემატიკური უნარებიც განივითარა.
„ჩვენთან ნამდვილი ინკლუზიაა“, — სიამაყით აცხადებს მარიამი, — „სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვები გვერდიგვერდ სხედან, ერთად სწავლობენ და ერთმანეთის თანასწორად აღიქვამენ თავებს. სწორედ ეს გამოარჩევს ჩვენს ცენტრს“.
ცენტრი მხოლოდ ბავშვებისთვის არ არის. ის მშობლებსაც ეხმარება და უფასო კონსულტაციებს სთავაზობს ოჯახებს, რომლებსაც ამგვარი დაკვალიანების მისაღებად საჭირო სახსრები არ აქვთ. მარიამმა იცის, რომ ბავშვი გრძელვადიან პროგრესს მხოლოდ იმ შემთხვევაში აღწევს, როცა ამ პროცესში მშობლებიც აქტიურად არიან ჩართულები.
შედეგებს მშობლებიც ამჩნევენ.
„ჩემთვის, როგორც მშობლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ცენტრის არსებობა“, — აღნიშნავს ერთ-ერთი მშობელი, — „ჩემს შვილს ჰქონდა ქცევითი პრობლემები, არ შეეძლო ემოციების მართვა და უჭირდა სხვა ბავშვებთან ურთიერთობა. ცენტრში სიარულის შედეგად ეს პრობლემები უკვე თითქმის აღმოფხვრილია. ორი წელია, რაც ცენტრის მომსახურებით ვსარგებლობთ. თავიდან ჩემს შვილს ფსიქო-ემოციური მხარდაჭერის მისაღებად ინდივიდუალური თერაპია სჭირდებოდა, მაგრამ ამ პრობლემების დაძლევის მერე ის უკვე ჯგუფურ აქტივობებშია ჩართული და სხვა ბავშვებთან ერთად გადის ლოგიკის კურსს. მან საოცარ შედეგს მიაღწია, რაც კარგად აჩვენებს, რატომ უნდა გააგრძელოს ამ ცენტრმა ფუნქციონირება“.
დამატებით, ცენტრი მხარდაჭერასა და კარიერულ შესაძლებლობებს მოზარდებსაც სთავაზობს. ის მათ საჭირო უნარების განვითარებასა და საკუთარი ძლიერი მხარეების აღმოჩენაში ეხმარება. მარიამი მოზარდებს ემოციურ მხარდაჭერას უწევს, აფასებს მათ უნარებსა თუ ძლიერ მხარეებს და ამაზე დაყრდნობით ეხმარება სწორი კარიერული გადაწყვეტილებების მიღებასა და მომავლის დაგეგმვაში. მაგალითად, 19 წლის მარიამ ლარაჯულმა სწორედ ცენტრის დახმარებით მიაღწია წარმატებას.
„სწავლა არასოდეს მიმაჩნდა ჩემს ძლიერ მხარედ. ამისგან სიამოვნებას ვერ ვიღებდი და არც დიდ ყურადღებას ვაქცევდი. თუმცა ჩემი მენტორის, მარიამის გაცნობის მერე დამოკიდებულება შემეცვალა და გავაცნობიერე, რამდენად მნიშვნელოვანია განათლება ჩემი მომავლისთვის. მისი მხარდაჭერის შედეგად კოლეჯში დავიწყე სწავლა. მოგვიანებით, უფრო მაღალ საფეხურზეც გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება. მარიამის დახმარებით მისაღები გამოცდებისთვის მოვემზადე და უნივერსიტეტში წარმატებით ჩავირიცხე, სადაც ახლა კარიერის მართვის მიმართულებით ვსწავლობ“, — გვიყვება მარიამი.
მაგრამ ეს გზა მარტივი არ ყოფილა. როგორც ახალგაზრდა მეწარმეს, მარიამს თავდაპირველად მრავალი დაბრკოლების გადალახვა მოუწია. სოფელში სპეციალისტების პოვნა ჭირდა, ამიტომ მან ადგილობრივი მასწავლებლები და ფსიქოლოგი გადაამზადა და თავის ცენტრში ხუთი ადამიანი დაასაქმა. კიდევ ერთი დიდი გამოწვევა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მიმართ არსებული სტიგმა იყო. ბევრ მშობელს აშინებდა ესა თუ ის სტატუსი, შვილების უნარების შეფასება და თვით ინკლუზიური განათლების იდეა. თუმცა, მარიამის დაუღალავი მუშაობის შედეგად მშობლები მიხვდნენ, რომ დროულ ჩარევასა და მხარდაჭერას არაერთი პრობლემის მოგვარება შეუძლია და ბევრ შემთხვევაში ისიც კია შესაძლებელი, რომ ბავშვს შესაბამისი სტატუსი მოეხსნას. ამის უკვე არაერთი მაგალითი არსებობს.
მარიამს სიკეთის კეთებისა და სხვების დახმარების სურვილი ამოძრავებს. სწორედ ამიტომ სწევს ის ამხელა შრომას თავისი მშობლიური დაბის განვითარებაში წვლილის შესატანად. ადგილობრივი მოსახლეობა არაერთ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემას აწყდება, ახალგაზრდებისთვის განვითარების მწირი შესაძლებლობებია და თავად ჟინვალი ლამის დავიწყებასაა მიცემული. რადგან მარიამმა კარგად იცის ადგილობრივთა რთული ცხოვრების შესახებ, თავისი სესიებისთვის მხოლოდ სიმბოლურ საფასურს იღებს და სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახებს ხშირად უსასყიდლოდაც ეხმარება.
მაგრამ მარიამი ამაზე გაჩერებას არ აპირებს, მას კიდევ უფრო ამბიციური მიზნები აქვს. World Vision საქართველოს მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარა მას ცენტრის გაფართოებასა და განვითარებაზე სამომავლო გეგმების დაწყობაში. ის ერთ-ერთი იყო იმ ახალგაზრდა მეწარმეთა შორის, რომლებმაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში, „SKYE NET — ცოდნისა და უნარების გაძლიერების პლატფორმა ახალგაზრდებისთვის“, მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც წარმატებით გაიარა სოციალური მეწარმეობისა და ბიზნესის კურსები.
„ამ პროექტისა და World Vision-ის შესახებ მეგობრისგან გავიგე. როცა ინტერნეტში ინფორმაცია მოვიძიე, განაცხადის შეტანა გადავწყვიტე, რადგან ეს სოციალური მეწარმეობის შესახებ სწავლისა და ცენტრის მეტად განვითარების უნიკალური შესაძლებლობა იყო. საბედნიეროდ, პროექტის მონაწილეთა შორის შემარჩიეს, რის შედეგადაც პროფესიონალთა მეთვალყურეობის ქვეშ სწავლისა და განვითარების შანსი მომეცა“.
კურსის დასრულების მერე მარიამმა ბიზნეს-პროექტი შეიმუშავა და ჟიურის წარუდგინა. მოპოვებული ცოდნის გამოყენებით მან ისეთი ინოვაციური გეგმის მომზადება შეძლო, რომ კონკურსში გაიმარჯვა. მისი იდეა არა მხოლოდ ცენტრის გაფართოებას მოიაზრებდა, არამედ, სოციალური საწარმოს გახსნასაც, სადაც ბავშვების სწავლისა და განვითარებისთვის საჭირო რესურსებისა და თამაშების წარმოება იქნებოდა შესაძლებელი. პრიზის სახით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მარიამმა ბიზნესის გასავითარებლად 15,000 ლარის ღირებულების ლაზერის საჭრელი აპარატი მიიღო. იქამდე ის ყველა მასალას ხელით ამზადებდა.
„მცირე საწარმოს გახსნით შევძლებ, რომ დამატებით ორი ადგილობრივი ახალგაზრდა დავასაქმო — ერთი გრაფიკული დიზაინის, მეორე კი ლაზერის აპარატზე მუშაობის მიმართულებით. რეგიონში დასაქმების შესაძლებლობები ძალიან მწირია. როგორც წესი, ახალგაზრდები სასწავლებლად და სამუშაოდ თბილისში ან სხვა დიდ ქალაქებში მიდიან. მე კი მინდა, რომ ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის მაგალითი ვიყო და მათ იქ მუშაობის შესაძლებლობა მივცე, სადაც ცხოვრობენ. უკვე მაქვს ბიზნეს-გეგმა და ჩემი შექმნილი სათამაშოების პატენტები. ახალი დანადგარის საშუალებით ხარისხიანი პროდუქციის დამზადებას და დისტრიბუციას შევძლებ, რათა ნებისმიერმა მშობელმა, სკოლამ თუ ბაღმა შეძლოს ამ მასალის ბავშვებთან გამოყენება. ეს საგანმანათლებლო თამაშები და რესურსები ბავშვებს მოტორიკის, კონცენტრაციის, ლოგიკურად აზროვნებისა და მეტყველების უნარების განვითარებაში დაეხმარება“.
მარიამისთვის თითოეული სათამაშო, რომელსაც ქმნის, თითოეული ბავშვი, რომელიც ახალ სიტყვას სწავლობს და თითოეული მოზარდი, რომელიც საკუთარ ძლიერ მხარეებს აღმოაჩენს, იმის დასტურია, რომ რწმენითა და მონდომებით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი. მართალია, მან ისეთი ადგილის შექმნა მოახერხა, სადაც ბავშვებს უსაფრთხო და თბილ გარემოში შეუძლიათ თამაში და სწავლა, ცენტრისთვის შესაფერისი ფართის მოძიება კვლავ გამოწვევად რჩება. ის ახლა სხვა, მეტად დიდ და უკეთესი პირობების მქონე სივრცეს ეძებს, რათა მეტი ბავშვის მიღება და დაბაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენა შეძლოს.
SKYE NET პროექტი ახალგაზრდა მეწარმეებს ინოვაციური იდეების განხორციელებაში ეხმარება და ახალგაზრდა სოციალური მეწარმეობის განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყობს ხელს — განსაკუთრებით კი იმ რეგიონებში, სადაც რესურსები შეზღუდულია. პროექტის მეშვეობით საქართველოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრებმა 60-მა ახალგაზრდა მეწარმემ სოციალური მეწარმეობისა და ბიზნესის სფეროში მიიღო ტრენინგი, რის შედეგადაც მათ ფასდაუდებელი ცოდნა და უნარები შეიძინეს. ამ მეწარმეთა შორის იყო მარიამიც. მან და კიდევ ცხრა ახალგაზრდამ კურსის დასრულების მერე ფინალური კონკურსიც მოიგეს და იმ იდეების ბიზნესად ქცევისთვის საჭირო რესურსები და დაფინანსება მიიღეს, რომელიც მათი მშობლიური რეგიონების მცხოვრებთა ყოველდღიურობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ავტორი: ლიკა ჭიღლაძე, World Vision საქართველო
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]







