ევრობარომეტრის კვლევა ევროკავშირის გაფართოებაზე: საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში გამოკითხულთა 46% უჭერს მხარს
2 სექტემბერს გამოქვეყნებული ევრობარომეტრის გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირის მოქალაქეთა 56% მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას. მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალია ახალგაზრდებში: 15-39 ასაკობრივი ჯგუფის გამოკითხულთა დაახლოებით ორი მესამედი მიიჩნევს, რომ (პოტენციური) კანდიდატები ევროკავშირში საჭირო პირობების დაკმაყოფილებისთანავე უნდა გაწევრიანდნენ.
წევრ სახელმწიფოთა შორის გაფართოებას ყველაზე მეტად მხარს უჭერენ შვედეთში (79%), დანიაში (75%) და ლიეტუვაში (74%). ყველაზე დაბალი მაჩვენებლები კი აღირიცხა ჩეხეთში, საფრანგეთში (ორივეგან 43%) და ავსტრიაში (45%).
ევროკავშირის მოქალაქეები სხვადასხვა კანდიდატი ქვეყნისადმი განსხვავებულ მხარდაჭერას გამოხატავენ. საქართველოს შემთხვევაში, სადაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, ევროკავშირში მის ინტეგრაციას (შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ) გამოკითხულთა ნახევარზე ნაკლები (46%) უჭერს მხარს. ხოლო წინააღმდეგი 43%-ია. საქართველოს არცერთი წევრი სახელმწიფო არ ასახელებს ყველაზე სასურველ კანდიდატად. ყველაზე დიდი მხარდაჭერა ქვეყანამ შვედეთში (71%), ლიეტუვაში (62%), დანიასა და ლატვიაში (ორივეგან 61%) მიიღო.
უკრაინა, ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაწევრიანების ყველაზე სასურველი კანდიდატია — მას ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს (52%) წევრი სახელმწიფოების უმრავლესობაში (14 ქვეყანა). ქვეყნის გაწევრიანების წინააღმდეგი კი 41% არის. ყველაზე მაღალი მხარდაჭერა უკრაინამ შვედეთში (91%), დანიასა და ფინეთში (ორივეგან 81%) მიიღო.
მოლდოვის შემთხვევაში, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (48%) გამოხატავს მხარდაჭერას მისი გაწევრიანებისადმი, ყველა საჭირო კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემდეგ. ამის წინააღმდეგი კი მხოლოდ 40%-ია. მოლდოვა ყველაზე სასურველ კანდიდატად დასახელდა სამ წევრ სახელმწიფოში: შვედეთში (75%), რუმინეთში (67%) და ლატვიაში (64%).
ევროპელთა უმრავლესობა (56%) მიიჩნევს, რომ შემდგომი გაფართოება მათი ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. სარგებელთა შორის ყველაზე ხშირად დასახელდა უფრო ძლიერი გლობალური გავლენა, უფრო დიდი ბაზარი ევროკავშირის ბიზნესებისთვის, დასაქმების მეტი შესაძლებლობა და უფრო ძლიერი სოლიდარობა და უსაფრთხოება.
იმავე დროს, გამოკითხულებმა გამოთქვეს შეშფოთება მიგრაციასთან, კორუფციასა თუ დანაშაულთან და გაფართოების ფინანსურ ხარჯთან დაკავშირებით. ისინი ხაზს უსვამენ იმას, რომ კანდიდატი ქვეყნები უნდა იცავდნენ კანონის უზენაესობას, ებრძოდნენ კორუფციას და იცავდნენ ფუნდამენტურ უფლებებს — რაც სანდო და დამსახურებაზე დაფუძნებული გაწევრიანების პროცესის აუცილებელი ელემენტებია.
„ევრობარომეტრი მორიგ მკაფიო გზავნილს გვაძლევს: ადამიანებს სურთ სანდო, ღირებულებებზე დაფუძნებული პროცესი, რომელიც რეალური რეფორმებით მიიღწევა“, — განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა, — „წევრ სახელმწიფოებთან ერთად ჩვენ უშუალოდ ვიურთიერთებთ მოქალაქეებთან, ვუპასუხებთ მათ შეშფოთებას და ვაჩვენებთ, რომ გაფართოება ნიშნავს მშვიდობას, კეთილდღეობასა და უფრო მტკიცედ გაერთიანებულ ევროპას“.
გამოკითხვა 2025 წლის თებერვალსა და მარტში ჩატარდა და მასში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს 26,300 მოქალაქე ჩაერთო. ყველა შედეგი და ქვეყნის მიხედვით მომზადებული ინფოგრაფიკები ონლაინ არის ხელმისაწვდომი.
დამატებითი ინფორმაცია
ევრობარომეტრის ანგარიში: დამოკიდებულებები ევროკავშირის გაფართოებისადმი
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]