ევროკავშირი კავშირების, ჯანდაცვისა და კვლევების სფეროებში მდგრადი ინვესტიციების შესახებ გამართულ Global Gateway-ის ფორუმს უმასპინძლებს
25-26 ოქტომბერს ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი Global Gateway-ის ფორუმს გახსნის და უმასპინძლებს. ფორუმზე შეიკრიბება ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მთავრობების 40-ზე მეტი მაღალი დონის წარმომადგენელი და, მათთან ერთად, ფინანსური ინსტიტუტების — მათ შორის EIB-ისა და EBRD-ის — კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ფორუმის თემაა „ერთად ძლიერები ვართ მდგრადი ინვესტიციების მეშვეობით“. მასზე წარმოჩნდება ის პროგრესი, რომელიც Global Gateway-ის სტრატეგიის განხორციელების მიმართულებით მიიღწა. სტრატეგია ევროკავშირის მიერ მთელი მსოფლიოსთვის კავშირების, ჯანდაცვის, განათლებისა და კვლევის სისტემებში ხარისხიანი, გამჭვირვალე ინვესტიციების შეთავაზებას მოიაზრებს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში Global Gateway ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის საშუალებით ხორციელდება.
25 ოქტომბერს პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი უმასპინძლებს ვახშამს სახელმწიფოების და მთავრობათა მეთაურებისთვის და მონაწილეობას მიიღებს ფორუმის გახსნის პლენარულ სესიაში. ამის მერე გაიმართება ლიდერთა დისკუსიები, რომელთა ძირითადი თემები იქნება მწვანე ენერგეტიკული გარდაქმნა და მწვანე წყალბადი, განათლება და კვლევა, არსებითი მნიშვნელობის ნედლეული და სატრანსპორტო დერეფნები.
26 ოქტომბერს ლიდერები იმსჯელებენ ჯანმრთელობის პროდუქტების წარმოებისა და ციფრული ინფრასტრუქტურის საკითხებზე. დასასრულს კი გაიმართება დახურვის პლენარული სხდომა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მონაწილეობით.
ორდღიანი ღონისძიების განმავლობაში ასევე გაკეთდება რამდენიმე განცხადება, რომლებიც Global Gateway-ის ფარგლებში დაწყებული პირველი 89 საფლაგმანო პროექტის განხორციელებას შეეხება.
ფორუმის გახსნისა და დახურვის ცერემონიები ონლაინჩართვით გადაიცემა.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია Global Gateway-ის ფორუმის სპეციალურ ვებსაიტზე, Global Gateway-ის ზოგად ვებგვერდზე და Global Gateway-ის საფლაგმანო პროექტებისთვის მიძღვნილ ვებგვერდზე, სადაც 2023 წლის მონაცემებს იხილავთ.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]