ევროკავშირი საქართველოს მიერ გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების გეგმის მიღებას მიესალმება
გასულ კვირას საქართველომ თავისი პირველი გრძელვადიანი დაბალემისიიანი სტრატეგია (Lt-LEDS) 2050 წარადგინა, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შეიქმნა.
Lt-LEDS საქართველოს ნახშირბადნეიტრალური მომავლის გზაზე აყენებს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კლიმატის ეროვნული სამოქმედო გეგმის 2023-2025 წლებისთვის განახლებას. კერძოდ, მისი მეშვეობით ქვეყანა ისეთ სექტორებში შეძლებს მდგრად და დაბალემისიიან განვითარებას, როგორებიცაა ენერგეტიკა, სამშენებლო სფერო, ტრანსპორტი, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ნარჩენების მართვა, მიწათსარგებლობა და ტყის მართვა.
Lt-LEDS სრულად შეესაბამება პარიზის შეთანხმების ძირითად პრინციპებს და ითვალისწინებს საქართველოს საჭიროებებს.
ევროკავშირი და UNDP სტრატეგიის შემუშავებას თავიანთი რეგიონული პროგრამის, EU4Climate, ფარგლებში საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით უჭერდნენ მხარს. კერძოდ, იმისათვის, რომ დოკუმენტი შესაბამისობაში მოსულიყო ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში დანერგილ სტანდარტებთან, მათ საქართველოს შესთავაზეს ტექნიკური დახმარება, კონსულტაციები და საერთაშორისო ექსპერტიზა.
„ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მიერ გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების გეგმის მიღებას. ვამაყობთ, რომ მხარი დავუჭირეთ საქართველოს ნახშირბადნეიტრალური ეკონომიკისა და ჭკვიანი ტექნოლოგიური განვითარების ხედვის ჩამოყალიბებაში და მზად ვართ, განვაგრძოთ თანამშრომლობა მისი განხორციელების უზრუნველსაყოფად“, — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]