ევროკავშირი სოფელ კირბალთან რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ადასტურებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) სოფელ კირბალთან რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობა დაადასტურა. პრესრელიზში საქართველოს მეორე მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებაც ვკითხულობთ.
ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენება კატეგორიულად დაგმო.
„მთელი გულით ვუსამძიმრებთ დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს და მოვუწოდებთ დაკავებული მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ“, — ნათქვამია ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესრელიზში.
პრესრელიზში კიდევ ერთხელ ხაზგასმულია, რომ რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, უკანონოა. ეს არღვევს საერთაშორისო სამართალსა და იმ ვალდებულებებს, რომლებიც რუსეთმა საკუთარ თავზე ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების საფუძველზე აიღო.
„მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და მიიღონ ყველა საჭირო ზომა ნებისმიერი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აგრძელებს სიტუაციის ახლო მონიტორინგს და მუშაობს დაძაბულობის განსამუხტად“, — ვკითხულობთ პრესრელიზში.
ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ერთგულობს საქართველოში სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარების მიზანს. მან ასევე განმეორებით გამოუცხადა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]