ევროკავშირის დაფინანსებითა და UNDP-ის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების თემაზე კონფერენცია ჩაატარა
28 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ სოფლის გასავითარებლად პოლიტიკის, რეფორმებისა და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით თბილისში კონფერენცია გამართა. კონფერენციას დაესწრნენ სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები და სოფლის განვითარების ევროპელი ექსპერტები.
კონფერენცია ევროკავშირის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით ჩატარდა.
„საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი სოფლად ცხოვრობს. სოფლის მდგრადი და კლიმატგონივრული განვითარება უშუალოდ აისახება ამ ადამიანების კეთილდღეობაზე, ქმნის მეწარმეობისა და განათლების შესაძლებლობებს და აუმჯობესებს გარემოს დაცვას“, — განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, კატალინ გერმანმა, — „ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველომ გაატარა მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმები, რათა სოფლის განვითარების ეროვნული ჩარჩო ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკას დაუახლოვდეს. ამ მნიშვნელოვანი სფეროს წარმატებისთვის ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან“.
გერმანმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ევროკავშირის LEADER პროგრამა — ქვემოდან ზევით ინიციატივა, რომლის მიზანი ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული პროექტების მეშვეობით სოფლის განვითარების მხარდაჭერაა. „ველით, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ამოქმედდება გამართული მექანიზმი, რაც LEADER ინიციატივით წახალისებული სოფლის განვითარების პროექტების სახელმწიფო დაფინანსებას შეუწყობს ხელს“, — დასძინა ევროკავშირის წარმომადგენელმა.
ევროკავშირის და UNDP-ის მხრიდან საქართველოს სასოფლო განვითარების მხარდაჭერა ეყრდნობა 234.5 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამას (ENPARD), რომელიც 2013 წლიდან ხორციელდება.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]