თბილისში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კონკურსში გამარჯვებულის დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგა
20 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოკუმენტური ფილმის, „მუჰაჯირების მემკვიდრეობა — აფხაზები აჭარიდან“, პრემიერა შედგა.
ფილმის რეჟისორია ლელა კუნჭულია, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) 2022 წლის სპეციალური პრიზის მფლობელი.
დოკუმენტური ფილმი EUMM-ის 2022 წლის მშვიდობის პრიზის ფულადი ჯილდოს საშუალებით დაფინანსდა.
ის აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდა მუსლიმი ქალის, ნერიმანის შესახებ გვიყვება. ნერიმანი აფხაზი მუჰაჯირების შთამომავალია. მუჰაჯირები იმ მუსლიმ ხალხს ეწოდება, რომელთაც აფხაზეთი მე-19 საუკუნეში პოლიტიკური მიზეზების გამო იძულებით დაატოვეს. ნერიმანის ისტორია მოგვითხრობს, თუ როგორ იცავს აფხაზურ ტრადიციებს მისი ოჯახი აჭარაში მათი წინაპრების ჩასვლიდან 150 წლის შემდეგაც კი. ამას გარდა, ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ მშვიდობიანად თანაცხოვრობენ მუსლიმი თემის წევრები და აჭარლები.
ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის თანაორგანიზებით გამართულმა ღონისძიებამ 60-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა. დამსწრეთა შორის იყვნენ აკადემიური წრის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სტუდენტები და ექსპერტები.
„მნიშვნელოვანია ისეთი ისტორიების მოყოლა, სადაც თანაგრძნობა და პატივისცემა სჭარბობს სიძულვილის ენას იმ ყველაფრის მიმართ, რაც განსხვავებულია, ან, თუნდაც, მხოლოდ ჩანს განსხვავებულად. კონფლიქტები და ომები ხომ ძალიან ხშირად იწყება რაიმე უცნობის ან უცხოს ‘სხვად’, ‘მტრად’ წარმოჩენით“, — აღნიშნა ფილმის ჩვენების წინ საქართველოში EUMM-ის ხელმძღვანელმა, დიმიტრიოს კარაბალისმა.
EUMM-ის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებული ჟურნალისტიკის კონკურსის რვა კატეგორიიდან ერთ-ერთია. EUMM ამ პრიზს 2013 წლიდან მოყოლებული გასცემს იმ ჟურნალისტური ნაშრომებისთვის, რომლებიც საქართველოში თემებს შორის ნდობის აღდგენასა და გრძელვადიან მშვიდობას უწყობს ხელს.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]