საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის თანახმად, ევროკავშირს იმაზე მეტი ქართველი ენდობა, ვიდრე ოდესმე
საქართველოში 2024 წლის მარტში ჩატარებული ყოველწლიური საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ევროკავშირი ქართველებისათვის კვლავ რჩება ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად. კერძოდ, მას გამოკითხულთა 81 პროცენტი ენდობა (ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით სამი ერთეულითაა მომატებული, ხოლო გამოკითხვის დაწყებიდან დღემდე – 15-ით).
ქართველთა დიდი უმრავლესობა (87%) ასევე ფიქრობს, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს. ეს მაჩვენებელი 12 ერთეულითაა გაზრდილი 2016 წლიდან, როცა გამოკითხვა პირველად ჩატარდა.
2024 წლის გამოკითხვის შედეგები რეპრეზენტატულად შერჩეულ 1,000 რესპონდენტთან პირისპირ გამართულ ინტერვიუებს ეყრდნობა. საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის კვლევას EUNEIGHBOURS east პროგრამა 2016 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ატარებს.
ქართველთა აშკარა უმრავლესობა (60%) დადებითად აღიქვამს ევროკავშირს. ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით ექვსი ერთეულითაა გაზრდილი. ამასთან, ევროკავშირს უარყოფითად მხოლოდ 5% აღიქვამს.
მარტში, როცა საველე სამუშაო ჩატარდა, გამოკითხულთა 81%-მა თქვა, რომ რეფერენდუმის გამართვის შემთხვევაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მისცემდა ხმას – ამ კითხვაზე დადებითი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით შვიდი ერთეულითაა გაზრდილი.
ქართველთა სამ მეოთხედზე მეტი (77%) ეთანხმება, რომ დეზინფორმაცია ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ხოლო 86% მიესალმებოდა ევროკავშირისგან მეტ მხარდაჭერას დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით. გამოკითხვის თანახმადვე, ქართველებს ასევე სურთ, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლის სფეროში მთავრობა მეტად თანამშრომლობდეს სამოქალაქო საზოგადოებასთან.
წელს გამოკითხულთა რეკორდულმა რაოდენობამ, 85%-მა თქვა, რომ იცის ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, ეს მაჩვენებელი 2016 წელთან შედარებით 25 ერთეულითაა გაზრდილი; ამასთან, 49%-მა ამ მხარდაჭერას ეფექტიანი უწოდა. გამოკითხულთა 44% მიესალმებოდა უფრო მეტ მხარდაჭერას განათლების მიმართულებით, 40% – ეკონომიკური განვითარების მიმართულებით და 37% – ჯანდაცვის მიმართულებით.
დამატებითი ინფორმაცია
საქართველოში 2024 წელს ჩატარებული ყოველწლიური გამოკითხვა – ინფოგრაფიკა
საქართველოში 2024 წელს ჩატარებული ყოველწლიური გამოკითხვა – ქვეყნის ანგარიში
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]