EU4Youth სტიპენდია ევროპის კოლეჯში: მარიამ გოგიტიძის რეალობად ქცეული ოცნება
მარიამ გოგიტიძის გზა ცნობისმოყვარეობის პატარა ნაპერწკლით დაიწყო. ქართველი გოგონას ცხოვრება ჩვეულებრივად მიედინებოდა — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის განხრით სწავლობდა და თანაც ისეთ რამეზე ოცნებობდა, რაც მისთვის უკვე ნაცნობ სამყაროზე უფრო დიდი და საინტერესო იქნებოდა. თუმცა ეს სურვილები რეალურ შესაძლებლობად მხოლოდ მას შემდეგ იქცა, რაც მარიამმა Erasmus+ პროგრამა აღმოაჩინა. პირველმა გამოცდილებამ — სწავლამ კოპენჰაგენში — სრულიად ახალი სამყარო გადაუშალა თვალწინ. ეს მხოლოდ განათლების მიღება არ იყო — ეს იყო სამყაროსა და საკუთარი თავის სრულიად ახლებურად დანახვა.
ოცნებიდან რეალობამდე — მარიამის გზა ევროპის კოლეჯამდე
Erasmus+-ის პროგრამა მარიამის ცხოვრებაში ახალი ფურცელი იყო, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა. როცა ნატოლინის ევროპის კოლეჯში EU4Youth-ის სტიპენდიის შესახებ შეიტყო, მიხვდა, რომ ეს მისი მომდევნო ნაბიჯი უნდა ყოფილიყო. მარიამმა იცოდა, რომ ამ შესაძლებლობას შეეძლო მისი ცხოვრება შეეცვალა.
“ამ შესაძლებლობის გამოყენება მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი. მთელი ჩემი ძალისხმევა EU4Youth-ის სტიპენდიის მოპოვებისკენ მივმართე. სულ ვოცნებობდი ევროპის კოლეჯის მსგავს ინსტიტუტში სწავლაზე, რომელიც ევროპულ საქმეთა ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია. ამ ოცნების ახდენა არასდროს წარმომედგინა, განსაკუთრებით EU4Youth-ის სტიპენდიის გარეშე. ბავშვობიდან მაინტერესებდა პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები და ყოველთვის მსურდა, მქონოდა კარიერა, რომლითაც შევძლებდი ჩემი ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანას.”
ცხოვრება ნატოლინში – შესაძლებლობებით სავსე სამყარო
ნატოლინში, ევროპის კოლეჯში ჩასვლისას კიდევ უფრო ცხადი გახდა თუ რას მიაღწია მარიამმა. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 129 სტუდენტის გვერდით მდგომი, მზად იყო, დაეწყო მოგზაურობა, რომელიც არაფერს ჰგავდა, რაც კი აქამდე გამოეცადა.
“ნატოლინის აკადემიური ცხოვრება განსხვავდებოდა ჩემი ნებისმიერი სხვა საუნივერსიტეტო გამოცდილებისგან. ჩვენ გვქონდა დინამიკური გარემო, მოწვეული პროფესორებით, მუდმივად განახლებადი კურსებით, კონფერენციებით, იმიტირებული ღონისძიებებით, ოფიციალური ვიზიტებით, თემატური ჯგუფებით, კულტურული დღეებით და სასწავლო ვიზიტებით. რა შეიძლებოდა მეტი მეთხოვა? ნატოლინი არ იყო მხოლოდ სხვადასხვა კურსის სწავლება. ევროკავშირის შესახებ სიღრმისეული ცოდნის მიღების გარდა, მჯერა, რომ ეს გამოცდილება თითოეულ სტუდენტს დაეხმარა, ფართოდ დაენახა მსოფლიო ევროკავშირის მიღმაც და ჩამოეყალიბებინა უფრო ინფორმირებული და თანამგრძნობი მსოფლმხედველობა.”
მარიამი სიცოცხლით სავსე საზოგადოების ნაწილი გახდა. ის სწავლობდა არა მხოლოდ მსოფლიო დონის პროფესორებისგან, არამედ განსხვავებული წარმოშობისა და გამოცდილების მქონე თანატოლებისგანაც. კოლეჯში გატარებული ყოველი დღე ახალ შესაძლებლობებს ქმნიდა ზრდისთვის – აკადემიურად, სოციალურად და პიროვნულად. სწორედ, EU4Youth პროგრამის დახმარებით შეძლო მან, მისი ოცნება რეალობად ექცია.
“ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც შევიძინე, იყო კრიტიკული აზროვნება, განსაკუთრებით რთული პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების გაანალიზებისას. შევისწავლე პოლიტიკებისა და მათი გავლენის შეფასება როგორც წევრ სახელმწიფოებზე, ისე გლობალურ პარტნიორებზე. პრაქტიკულმა გამოცდილებამ – მათ შორის იმიტირებულ ღონისძიებებსა და სასწავლო ვიზიტებში მონაწილეობამ – მასწავლა ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მნიშვნელობა. ეს გამოცდილება დამეხმარა იმაში, რომ თეორიული ცოდნა რეალური პრობლემების გადაჭრის საშუალებებად მექცია. მიმაჩნია, რომ ჩემი სამომავლო კარიერისთვის ეს უნარები შეუფასებელი იქნება.”
მარიამის დიდმა შრომამ, ევროპული ინტერდისციპლინური სწავლების მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად, სასურველი შედეგი გამოიღო. მისი ვრცელი კვლევა, რომელიც უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს სასამართლო სისტემების შესახებ იყო, 130 კვლევიდან შერჩეულ და ნატოლინის ბიბლიოთეკაში გამოსაქვეყნებელ 50 საუკეთესო ნაშრომს შორის მოხვდა.
საქართველოში დაბრუნება
მარიამი საქართველოში სულ სხვა ადამიანად დაბრუნდა. ევროპის კოლეჯმა მას ცვლილებების განხორციელებისთვის საჭირო თავდაჯერებულობა, ახალი უნარები და მიზანმიმართულობა შესძინა. ჩამოსვლისთანავე, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციასთან ერთად პირველი პროექტი დაიწყო, რომლის მიზანიც ინტელექტუალური განვითარების თავისებურებების მქონე გოგონებისა და ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების დაცვა იყო.
ამჟამად, მარიამი მუშაობს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო, მიუკერძოებელი საარჩევნო შეფასების მისიის გუნდში, სადაც გენდერისა და ინკლუზიის სპეციალისტის თანაშემწეა და ნატოლინში მიღებულ გამოცდილებას აქტიურად იყენებს.
„ნატოლინში გატარებულმა დრომ მომცა საშუალება, სრულად მიმეღო გამოწვევებთან გამკლავების თავდაჯერებულობა და უნარები. EU4Youth პროგრამის სტიპენდია ძალიან დამეხმარა საგანმანათლებლო გამოცდილების გამდიდრებაში, ხელი შეუწყო ჩემს აკადემიურ წარმატებას, პროფესიულ განვითარებასა და პიროვნულ ზრდას. სტიპენდიის გარეშე ვერ შევძლებდი გავმხდარიყავი ნატოლინის საზოგადოების წევრი და გავყოლოდი ჩემს კარიერულ მისწრაფებებს. როგორც პროფესიულ, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ნატოლინში მიღებულმა განათლებამ და გამოცდილებამ არა მხოლოდ წარმატებისთვის საჭირო უნარები მომცა, არამედ გამიძლიერა მოტივაცია, რომ ჩემი ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო ადამიანის უფლებების, ინკლუზიისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაში.”
რჩევები მომავალი სტიპენდიანტებისთვის
სწავლის გზაზე დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, მარიამი მათ, ვინც ევროპის კოლეჯში სწავლის გაგრძელებას გეგმავს, ურჩევს: “სრულად გამოიყენეთ კოლეჯის მიერ შეთავაზებული ყველა შესაძლებლობა. ისწავლეთ გულმოდგინედ, იფიქრეთ ღრმად და შეიცანით გარშემო არსებული მრავალფეროვანი საზოგადოება/თემი. ისწავლეთ თქვენი თანაკურსელებისგან, რადგან ისინი ფასდაუდებელ ხედვებს გიზიარებენ. ეს გამოცდილება, მოგცემთ საშუალებას, გახდეთ ცვლილებების მომტანი და წვლილი შეიტანოთ უკეთესი მომავლის შექმნაში.”
EU4Youth ფაზა III ახალგაზრდული დასაქმებისა და მეწარმეობის პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ხორციელდება ცენტრალური პროექტების მართვის სააგენტოს (CPVA) მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. პროგრამა გაგრძელდება 2025 წლის შუა რიცხვებამდე და მიზნად ისახავს ტექნიკური დახმარების გაწევას სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ახალგაზრდების უმუშევრობასთან საბრძოლველად და მათი დასაქმების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]




