ბაღის აღმზრდელის მარწყვის ბიზნესი – ხუთი ნერგიდან წარმატებამდე
მზევინარ მამალაძისთვის ყველაფერი დასავლეთ საქართველოში, სოფელ იანეულში დაიწყო. კოვიდ პანდემიის დროს, მან გადაწყვიტა, ახალი საქმე წამოეწყო და ოჯახის შემოსავალი გაეზარდა. მზევინარსა და მის მეუღლეს – ილია ვაჩეიშვილს, 14 წლის მეზობელმა, ლაშა-გიორგი კუჭავამ, მარწყვის სათბურის აშენების მოტივაცია გაუჩინა.
ობლობის პენსიით მიღებული მცირე დანაზოგით, რომელიც 1000 ლარს შეადგენდა, გიორგიმ სადემონსტრაციო მარწყვის სათბური დამოუკიდებლად გამართა. მიღებული ცოდნა და გამოცდილება კი, მარწყვის ნერგებთან ერთად, ვაჩეიშვილების ოჯახს გაუზიარა.


შეცდომებზე სწავლა
მამალაძეს, რომელიც მთელი ცხოვრება ბაღის აღმზრდელად მუშაობდა, არ ჰქონდა საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, რომ 100 კვადრატული მეტრის სათბური მაქსიმალურად ეფექტურად გამოეყენებინა.
“მარწყვს სჭირდება მოვლის სპეციფიკური ტექნიკა, რომლის შესახებაც თავიდან არაფერი ვიცოდი, ამიტომ, დასაწყისში, უამრავი შეცდომა დავუშვი”, – ამბობს მამალაძე. “სათბურის მართვა ადვილი საქმე ნამდვილად არ არის”.
ყოველთვის, როცა მამალაძე მარწყვის ნერგების მოვლის საშუალებებს ყიდულობდა, რჩევას მაღაზიის გამყიდველს ეკითხებოდა. მას შემდეგ, რაც ისწავლა მარწყვის სწორად მოვლა და არჩევანი “ალბიონის” ჯიშის ნერგებზე შეაჩერა, მისი მოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მარწყვის გაყიდვა მან პირდაპირ სახლიდან დაიწყო. ასევე, ამარაგებდა ორ ადგილობრივ მაღაზიას ჩოხატაურში, სადაც მისი პროდუქტი სწრაფად იყიდებოდა.
სწორედ მაშინ მიხვდა, რომ დრო იყო, მცირე მასშტაბის წარმოებიდან მდგრად, სათანადოდ აღჭურვილ სათბურზე გადასულიყო. თუმცა, ახალი სათბურის მშენებლობის დაფინანსება დამოუკიდებლად არ შეეძლო.
ხუთი ნერგით დაწყებული საქმე
პროექტი “ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი” (CESL) დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის მიერ, როგორც EU4Business-ის და EU4ITD-ის კომპონენტი. მას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან “ქალები-ქალებისათვის” ერთად ახორციელებს. სწორედ მათი დახმარებით შეძლო მამალაძემ, მარწყვის მეურნეობის ბიზნესი გაეფართოვებინა. მიღებული დაფინანსებით, მან ახალი სათბური ააშენა, შესაბამისი გათბობისა და გაგრილების სისტემით.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს, საქართველოს ოთხ რეგიონში: რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, გურიაში, იმერეთსა და კახეთში, ადგილობრივი მოსახლეობისათვის შემოსავლის წყაროების განვითარებას. პროექტი რეგიონებიდან თბილისში მიგრაციის შემცირებას და, პირიქით, რეგიონებში დასახლების მოტივაციის გაძლიერებას უწყობს ხელს.
ახალი სათბურის წყალობით, მამალაძეს ახლა მთელი წლის განმავლობაში მუდმივი შემოსავალი აქვს, ისევე როგორც, ნერგების გაზრდისა და გაყიდვის საშუალება. განსაკუთრებით მზარდია შემოსავალი ზამთრის თვეებში, როცა მარწყვზე ფასი მკვეთრად იზრდება, არასეზონურობის გამო.


მამალაძემ ახალი საქმიანობა სულ რაღაც ხუთი ნერგით დაიწყო, ახლა მას 1000-მდე ნერგი აქვს და თითოეული 800 გრამამდე მარწყვს იძლევა.
„ჩემი წარმოება გაორმაგდა“, – ამბობს მამალაძე. „ახლა 800 კილომდე (0,8 ტონა) მარწყვს ვაწარმოებ. ჩემს პროდუქტზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება.“
ახალი ბიზნეს–შესაძლებლობები
მარწყვის მეურნეობამ, მამალაძესა და მის ოჯახს დამატებითი სამეწარმეო საქმიანობის წამოწყების შესაძლებლობა მისცა. მათ მარწყვისგან სხვადასხვა პროდუქტების წარმოება დაიწყეს, როგორიცაა ჯემები და კომპოტი, ხილის სასმელები, რომლებიც დამზადებულია ოჯახური რეცეპტებით. პროდუქცია მამალაძემ სხვადასხვა გამოფენებსა თუ ბაზრობებზეც წარადგინა. გარდა ამისა, მეორე ხარისხის პროდუქციიდან ოჯახი მარწყვის არაყს ხდის და ლიქიორსაც ამზადებს.
მარწყვის სათბური მამალაძის გეგმის მხოლოდ ერთი ნაწილია: ის, წლებია, ოჯახისთვის, მცირე დანადგარის გამოყენებით, ჩირს ამზადებს სახლში. სამომავლოდ, დიდი იმედი აქვს, რომ ჩირის მცირე საწარმოსაც გახსნის, მაგრამ ამისათვის ობიექტის აშენება და საჭირო აღჭურვილობის შეძენაა საჭირო. გარდა ამისა, ის სათბურში სხვადასხვა მწვანილისა და ბოსტნეულის მოყვანაზე ექსპერიმენტებსაც ატარებს და საკმაოდ კარგი შედეგები აქვს.
“სათბურის მეურნეობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა, იმავდროულად, საბავშვო ბაღში სრულ განაკვეთზე მუშაობ”, – ამბობს ის.
“მაგრამ, ჩემი ოჯახის თანადგომა, საქმეს ბევრად ამარტივებს.”
სტატია გამოქვეყნებულია EU4Business ინიციატივის მიერ
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]