ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას გენდერული ნორმების რღვევით ეხმარება
ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობისთვის ქალების ეკონომიკური გაძლიერება გადამწყვეტია. ამის მისაღწევად კი არსებითი მნიშვნელობისაა ქალთა დასაქმება, რაც არა მხოლოდ ფინანსურ დამოუკიდებლობას უწყობს ხელს, არამედ — პიროვნულ განვითარებასა და თავდაჯერებასაც.
„დედობის ჯარიმა“ და მისი გავლენა ქალების კარიერაზე
ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, მიღწეული პროგრესის მიუხედავად, სამუშაო ძალის გადანაწილების მხრივ მნიშვნელოვანი გენდერული უთანასწორობა კვლავ პრობლემად რჩება. მსოფლიო ბანკის თანახმად, დასაქმების მაჩვენებელი ქალებისათვის 51.5%-ს შეადგენს, მაშინ, როცა კაცებისთვის ის 66.4%-ია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) შრომის ბაზარზე ქალთა ჩართვის შემაფერხებლად ისეთ ფაქტორებს ასახელებს, როგორიცაა დისკრიმინაციული გენდერული როლები, ზრუნვასა და სახლის საქმეებთან დაკავშირებული აუნაზღაურებელი შრომის ტვირთი, განვითარებად ქვეყნებში უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ტრანსპორტის ნაკლებობა და ზრუნვის ხელმისაწვდომი სერვისების სიმწირე.

ამ ყველაფრის შედეგად, ქალებს, რომლებსაც ექვს წელზე უმცროსი შვილი ან შვილები ჰყავთ, „დედობის ჯარიმის“ გადახდა უწევთ. ეს იმას ნიშნავს, რომ შვილების გაჩენა და გაზრდა არაპროპორციულად ზემოქმედებს ქალების კარიერაზე. მათ კაცებზე მეტად უწევთ, რომ მშობლის პასუხისმგებლობების ასაღებად პროფესიულ საქმიანობას ნაკლები დრო დაუთმონ. ეს კი იწვევს შემოსავლის შემცირებასა და კარიერული შესაძლებლობების შეზღუდვას. „დედობის ჯარიმა“ პროფესიულ სფეროში გენდერულ უთანასწორობას მსოფლიოს მასშტაბით აღრმავებს: ILO-ს სტატისტიკით, დასაქმების მაჩვენებელი ქალებისთვის 53.1%-მდე მცირდება, კაცებისთვის კი მაღალ ნიშნულზე, 95.7%-ზე ნარჩუნდება.
მართალია, სამუშაო სივრცეში ქალების როლის მიმართ დამოკიდებულებები იცვლება, თუმცა პროფესიულ გარემოში ქალებზე მიწერილი გენდერული ნორმები და სტერეოტიპები კვლავ წარმოშობს წინაღობებს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გენდერულ ნორმებსა და სტერეოტიპებზე ჩატარებული საბაზისო კვლევა აჩვენებს, რომ მაშინ, როცა ქალებიცა და კაცებიც მნიშვნელოვნად მიიჩნევენ შრომის ბაზარზე დასაქმებას და კარგი სამსახურის ქონას, რეგიონში კარგ დედობაზე ფესვგადგმული სტერეოტიპები სკოლამდელი ასაკის შვილების დედებს მაინც აჯაჭვავს სახლის საქმეებს და კარიერულ შესაძლებლობებს უზღუდავს. ამასთან, ნაკლებადაა ხელმისაწვდომი დამხმარე სისტემებიც, რომლებიც გენდერული სტერეოტიპების რღვევას აჩქარებს და პროფესიულ სივრცეში ქალთა მონაწილეობასა და მამების საშინაო საქმეებში ჩართვას უწყობს ხელს. მამობის შვებულება, მშობლის შვებულება და თანაბრად გადანაწილებული შვებულება რეგიონში ჯერ კიდევ ხელმიუწვდომელი ან არაადეკვატურია.
ქალების გაძლიერება ეკონომიკური დამოუკიდებლობის მისაღწევად
პროგრამის, „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპების და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“, ერთ-ერთი მიზანი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის დისკრიმინაციული გენდერული ნორმებისა და სტერეოტიპების რღვევაა. 2020 წელს დაწყებულ ინიციატივას ევროკავშირი აფინანსებს და ერთად ახორციელებენ გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში. პროგრამამ უკვე 41 მილიონზე მეტ ადამიანს შორის გაავრცელა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი გზავნილები.
ინიციატივა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის STEM სფეროში, ქალების კარიერული შესაძლებლობების გაფართოებით უპირისპირდება სტერეოტიპებს და ხელს უწყობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას. უკრაინაში 500-ზე მეტი ქალი ჩაერთო ‘Будь/Be’ კურსში, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიებისა (IT) და შემოქმედებით სექტორებში უკრაინელი ქალების დასაქმების წასახალისებლად შეიქმნა. პროგრამის მონაწილე, ნინა ჩერლენუკი გვიყვება: „ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სამსახურს ომის გამო ვერ დავუბრუნდებოდი. ეს კურსი ზუსტად ის იყო, რაც ამ სიტუაციაში მჭირდებოდა“. პროგრამამ ნინა და სხვა მონაწილე ქალები დააკავშირა მენტორებთან და ექსპერტებთან, რომლებიც მათ ტექნოლოგიის, დიზაინის, პროგრამირების, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისა და ტესტირების სფეროებში სამსახურის პოვნის პროცესში დაეხმარნენ.
აზერბაიჯანში 25 ქალი პროგრამით, „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის“, უზრუნველყოფილ ბიზნესის მართვისა და ფინანსური წიგნიერების ტრენინგს დაესწრო და საკუთარი ბიზნესების განვითარება შეძლო.

„მჯერა, რომ ქალის როლი არ შემოიფარგლება საშინაო საქმეებით, მასწავლებლობით ან ექთნობით. ქალები ნებისმიერ სფეროში შეიძლება იყვნენ წარმატებულები – მათ უბრალოდ უნდა იპოვონ სათავისო საქმე. ქალებს თანასწორად შეუძლიათ ოჯახების ფინანსურად შენახვა და თავიანთი თემების მხარდაჭერა. ძველი სტერეოტიპები დასამსხვრევია“, — აღნიშნავს ტრენინგის მონაწილე, როზა სალმანოვა.
კაცების ჩართულობა პოზიტიური ცვლილების დასაჩქარებლად
ზრუნვასა და სახლის საქმეებთან დაკავშირებულ აუნაზღაურებელ შრომაში კაცების აქტიური ჩართულობა ქალებს აძლევს შესაძლებლობას, ანაზღაურებადი სამუშაოს ძებნის პროცესში ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. ამის გათვალისწინებით, პროგრამამ, „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის“, დააარსა მამების სკოლა, რომლის მიზანიცაა, კაცებს მშობლის როლის აქტიურად შესრულებაში დაეხმაროს და ოჯახებში პასუხისმგებლობათა გადანაწილებას შეუწყოს ხელი.
მიღწეული შედეგების შეფასებამ ცხადყო, რომ პროგრამის პირველი ფაზის განმავლობაში სკოლის დამსწრე მამებს მართლაც შეეცვალათ დამოკიდებულებები გენდერული თანასწორობის მიმართ. ისინი ახლა უფრო აქტიურად უჭერენ მხარს კაცებისა და ქალებისათვის თანასწორ უფლებებსა და შესაძლებლობებს. მათ ასევე მეტად სწამთ, რომ ქალები და კაცები თანაბრად არიან პასუხისმგებლები როგორც ოჯახის ფინანსურ მხარდაჭერაზე, ასევე საშინაო საქმეების მოგვარებაზე.
„მამების სკოლა იმის გააზრებაში დამეხმარა, რომ მამობა შენი შვილებისთვის დროის დათმობა უფროა, ვიდრე მხოლოდ ოჯახში ფინანსების შემოტანა“, — ამბობს ელვინ ჰასილოვი აზერბაიჯანიდან. მამების სკოლის აქტივობებში მონაწილეობის მერე მან გადაწყვიტა, რომ ცოლს კარიერულ განვითარებაში დახმარებოდა. ამისათვის ელვინმა საშინაო საქმეებისა და ბავშვების მოვლის მნიშვნელოვანი წილი საკუთარ თავზე აიღო, რითაც ცოლს მისცა შესაძლებლობა, საშუალო სკოლის მასწავლებელთა გამოცდებისთვის მომზადებულიყო. „რაღა თქმა უნდა, მან 60-იდან 54 ქულის დაგროვება შეძლო და სასურველ ადგილას დასაქმდა“, — ურთავს ელვინი.
პროგრამა, „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის“, მეორე ფაზაში გადასვლის მერეც უწყობს ხელს გენდერულ თანასწორობას, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და საზიანო სტერეოტიპების ნგრევას. პროგრამა ადვოკატირების, საგანმანათლებლო აქტივობებისა და სამოქალაქო ჩართულობის წახალისებით უჭერს მხარს მეტად ინკლუზიურ საზოგადოებას, რომელშიც ქალებსაც და კაცებსაც შეეძლებათ, ცხოვრების ყველა მიმართულებით სრულყოფილად განვითარდნენ.
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]