გზა რეალურ შედეგამდე: EU4Youth კურსდამთავრებულთა ქსელი ხუთი წლის იუბილეს აღნიშნავს
რა ხდება, როდესაც ახალგაზრდებს საკუთარი იდეების განხორციელების საშუალება ეძლევათ? 2019 წლიდან პროგრამის EU4Youth კურსდამთავრებულთა ქსელი ეხმარება აქტიურ ახალგაზრდებს, თავიანთი იდეები სასარგებლო პროექტებად გარდაქმნან და ამ გზით, მხარი დაუჭირონ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებსა და ადგილობრივ თემებს.
კურსდამთავრებულთა ქსელის მეშვეობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამების მონაწილე ახალგაზრდებმა მიიღეს ფინანსური მხარდაჭერა, შეიძინეს პრაქტიკული უნარები და ისარგებლეს მენტორობის ხელშეწყობით, საკუთარი ინიციატივების განსახორციელებლად. ქსელის შექმნის დღიდან, 340-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა საფუძველი ჩაუყარა 190-ზე მეტ პროექტს. მთლიანობაში, ამ პროექტებში 3770-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომელთა უმრავლესობაც სოციალურად მოწყვლად ჯგუფებს ეკუთვნოდა. თითოეულ რიცხვს მიღმა დგას ისტორია ენთუზიაზმისა და რეალური ცვლილებებისკენ გადადგმული ქმედითი ნაბიჯების შესახებ.
EU4Youth-ის კურსდამთავრებულთა ქსელი ხუთი წლის იუბილეს აღნიშნავს, რაც მშვენიერი შესაძლებლობაა, გავიხსენოთ კურსდამთავრებულების მიღწევები. როგორ ქმნიან ისინი ინიციატივებს, რომლებიც ექვსიდან რვა თვემდე გრძელდება? ყველაფერი ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით იწყება, განსაკუთრებით კი სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებიდან, რომელთა მხარდაჭერასაც კურსდამთავრებულები საკუთარ ვალდებულებად აღიქვამენ.

საჭიროებების შეფასება და იდეების ფორმირება
კურსდამთავრებულების თითოეული ინიციატივის უკან პირადი გამოცდილება დგას. ყოველი პროექტი ასახავს არა მხოლოდ კურსდამთავრებულების ინტერესებსა და იდეებს, არამედ იმ გამოწვევებსაც, რომლებსაც ახალგაზრდები აწყდებიან, განსაკუთრებით კი — სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები. კურსდამთავრებულები მჭიდროდ თანამშრომლობენ იმ ახალგაზრდებთან, რომელთა მხარდაჭერაც სურთ. ისინი იყენებენ ერთობლივი დაგეგმვის მეთოდებს, როგორიცაა ემპათიური ინტერვიუები, არაფორმალური განათლება და დაკვირვება. ინიციატივებს ისინი არამხოლოდ თავიანთი სამიზნე აუდიტორიისთვის ქმნიან, არამედ უშუალოდ ბენეფიციარებთან ერთად.
ამ პროცესის ძირითადი ელემენტია IdeaLab – ყოველწლიური ღონისძიება, რომელზეც იკრიბებიან კურსდამთავრებულები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, რათა ერთმანეთს გაუზიარონ იდეები და გამოცდილება, ისწავლონ მენტორებისა და კოლეგებისგან და ერთობლივად შეიმუშაონ პროექტები. როგორც ქსელის მოლდოველი მენტორი, იგორ ჩურეა, გვიხსნის, მენტორები ცდილობენ, არ მიაწოდონ მონაწილეებს მზა პროექტების მოდელები. ამის ნაცვლად, ისინი „ურჩევენ მონაწილეებს, შეაფასონ საკუთარი თემის შესაძლებლობები, საჭიროებები და ინტერესები და ამის საფუძველზე, საკუთარი პროექტები შეიმუშაონ“. სწორედ ამ მიდგომით მოახერხა ქსელმა ინიციატივების ფართო სპექტრის შექმნა.

იდეებიდან რეალურ შედეგებამდე
კურსდამთავრებულების მიერ დაწყებული პროექტები მრავალფეროვანია როგორც ფორმატით, ისე შინაარსით. მათი უმრავლესობა საგანმანათლებლო ხასიათისაა, თუმცა ისინი ასევე მოიცავენ შემოქმედებით აქტივობებს და თემის გაერთიანებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს: ფილმებს, თამაშებს, ექსკურსიებსა და ღონისძიებებს ღია ცის ქვეშ. იმ შემთხვევაში, თუ კურსდამთავრებულები უფრო რთულ გამოწვევებზე მუშაობენ — მაგალითად, მარტოხელა დედებთან, პატიმრობაში მყოფ ახალგაზრდებთან ან ბავშვთა სახლების ბენეფიციარებთან — ინტერაქციის მეთოდებიც შესაბამისად ერგება კონკრეტული მიზნობრივი აუდიტორიის საჭიროებებს.
EU4Youth-ის კურსდამთავრებულთა ქსელის ინიციატივების უმეტესობა ოთხ ძირითად თემატურ სფეროში ერთიანდება, რომელთაგან თითოეული ასახავს ახალგაზრდების განსხვავებულ ინტერესებს და საჭიროებებს საკუთარ თემში. ზოგიერთი ინიციატივა, მაგალითად „Girl Power 2.0“ საქართველოში ან „Book Yourself“ აზერბაიჯანში, მიზნად ისახავს მომავლისთვის საჭირო უნარების — მაგალითად, ლიდერობისა და კომუნიკაციის, ასევე ციფრული წიგნიერების უნარების განვითარებას. სხვა ინიციატივების მიზანია თემის გაძლიერება მოხალისეობრივი საქმიანობის, კულტურული ღონისძიებებისა და სამოქალაქო დიალოგის გზით. მაგალითად, სომხეთში, კურსდამთავრებულებმა იეზიდი და სომეხი ახალგაზრდების შეკრება მოაწყვეს, რითაც ხელი შეუწყვეს მათ შორის ურთიერთგაგების გაღრმავებასა და სოციალური კავშირების დამყარებას.
სამოქალაქო აქტივობის თემა ბევრი ინიციატივის ქვაკუთხედს წარმოადგენს: კურსდამთავრებულები ახალგაზრდებს ეხმარებიან, რომ მათ ხმა მიაწვდინონ საზოგადოებას და გააზრებულად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მაგალითად, უკრაინული პროექტი „ახალგაზრდობის კლუბი“ წარმოადგენს სივრცეს, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ, მიიღონ ინფორმაცია სამოქალაქო პროცესების შესახებ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საკუთარი თემების ფორმირების პროცესში.
და ბოლოს, რამდენიმე ინიციატივა მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას — მათ შორის დემოკრატიის, ინკლუზიურობის, სოლიდარობისა და მშვიდობის შენარჩუნების მიმართულებით.

მონაწილეობიდან მენტორობამდე
არაერთი კურსდამთავრებული მეორე წელსაც ბრუნდება ქსელში, რათა გააფართოვოს კონტაქტების წრე, გაიუმჯობესოს ლიდერობის უნარები ან მეტი სარგებელი მოუტანოს საკუთარ თემს. მათი უმრავლესობა აფასებს იმ სივრცეს და მხარდაჭერას, რომლებსაც მათ ახალი ინიციატივის განსახორციელებლად ან არსებული პროექტის გასაგრძელებლად სთავაზობენ პროექტის ახალ, უფრო მაღალ დონეზე გადასაყვანად. დაბრუნებული კურსდამთავრებულების მაჩვენელი ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია: მაგალითად, სომხეთსა და აზერბაიჯანში, თითოეული ახალი ნაკადის ნახევარზე მეტს ქსელში დაბრუნებული ყოფილი მონაწილეები შეადგენენ.
ზოგი კურსდამთავრებული ქსელში ახალი ფუნქციით ბრუნდება და მენტორობას, მხარდაჭერას ან ხელმძღვანელობას უწევს რეგიონულ ღონისძიებებს. არჩილ წულაია საქართველოდან, თავდაპირველად, პროგრამას, როგორც მონაწილე, ისე შეუერთდა, ხოლო მოგვიანებით კი, მენტორი გახდა. ის იხსენებს: „პირადად ჩემთვის, კურსდამთავრებულთა ქსელი არის ადამიანებთან, იდეებთან და გამოცდილებასთან მუდმივი კავშირის საშუალება, რომელიც ჩემს განვითარებას ძალიან დაეხმარა. ეს ერთგვარი ხიდია, რომელიც იმ წერტილს, საიდანაც დავიწყეთ, ჩვენი დანიშნულების საბოლოო წერტილთან აკავშირებს“.

მოქნილი სისტემა და ინდივიდუალური მიდგომა
თავიდანვე, კურსდამთავრებულთა ქსელს, განვითარება ურთულეს პირობებში მოუწია: COVID-19-ის პანდემია, პოლიტიკური და სოციალური არასტაბილურობა, შეიარაღებული კონფლიქტები რეგიონში, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ და სხვა რეგიონული თუ გლობალური გამოწვევები.
მიუხედავად ამისა, პროგრამამ შეძლო სირთულეების დაძლევა და ახალ რეალობას მოერგო. კურსდამთავრებულებმა და მენტორებმა შეცვალეს მიდგომები იქ, სადაც ეს აუცილებელი იყო: ღონისძიებები ონლაინ ფორმატში გადაიტანეს, გამოსცადეს ახალი ინსტრუმენტები, სწრაფად შეაფასეს, როგორ შეიცვალა თემის საჭიროებები და თავიდან დაიწყეს ინიციატივები, როდესაც გაჩნდა ამის აუცილებლობა. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია „Sew to Survive“ ინიციატივა უკრაინაში. ომის დაწყების შემდეგ, ორმა კურსდამთავრებულმა, პროექტის კონცეფციას ხელახლა გადახედეს და ისე შეცვალეს, რომ ახალგაზრდებს მიეღოთ პრაქტიკული უნარები და ჰქონოდათ მეტი შესაძლებლობა, აქტიურად დახმარებოდნენ საკუთარ თემს.
კურსდამთავრებულთა ქსელის კოორდინატორი, მაქს პიჟევსკი, აღნიშნავს: „ქსელის სიცოცხლისუნარიანობას და მდგრადობას მისი სტრუქტურა განაპირობებს: მენტორებს ინდივიდუალური მიდგომა აქვთ თითოეული მონაწილის მიმართ, პასუხობენ თითოეული ინიციატივის კონკრეტულ მოთხოვნებს, კურსდამთავრებულებს კი პირდაპირი კავშირი აქვთ საკუთარ თემებთან“. ეს მყარ და სანდო საფუძველს ქმნის მომავალი საქმიანობისა და გამოცდილების გაზიარებისათვის.

გრძელვადიანი შედეგი
ბევრი კურსდამთავრებულისთვის სათემო საქმიანობაში ჩართულობა პროგრამის დასრულებით არ მთავრდება – პირიქით, ის, ხშირად, სწორედ მაშინ იწყება. ყოფილი მონაწილეები უერთდებიან ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ქსელებსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ მობილობის პროგრამებს. გარდა ამისა, ისინი ასევე იკავებენ ლიდერის, ორგანიზატორის, მენტორის ან ახალგაზრდებთან მომუშავე პროფესიონალის პოზიციებს განათლების სფეროში, სასტიპენდიო პროგრამებში, პოლიტიკურ და ახალგაზრდულ ორგანიზაციებში.
მაგალითად, კრისტიან ვიზირი, კურსდამთავრებული მოლდოვიდან, ამჟამად მოლდოვის ახალგაზრდობის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტია, ხოლო მეორე კურსდამთავრებული, გრიგორე რინია, საბჭოში სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებს. რეზიდა რზაიევამ აზერბაიჯანიდან, საფუძველი ჩაუყარა ინიციატივას „100 Girls of Azerbaijan“, რომელმაც აღიარება მოიპოვა არა მხოლოდ ეროვნულ დონეზე, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც. კერძოდ, 2022 წელს ის მოიწვიეს UNESCO SDG4YOUTH ქსელის ტრანსფორმაციულ საგანმანათლებლო სამიტზე, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა მისი ინიციატივის გავლენა.
ქსელი მხოლოდ ინდივიდუალურ განვითარებას არ ეხმარება – ის უხსნის კარს რეგიონულ თანამშრომლობას და გრძელვადიან პარტნიორულ ურთიერთობებს. მაგალითად, სომხეთში ქსელმა გააძლიერა ადგილობრივი კავშირები და ხელი შეუწყო თანამშრომლობას არასამთავრობო ორგანიზაციასთან „Uniting Bridge“, რომელსაც რაზმიკ მნაცაკანიანი ხელმძღვანელობს. ანაჰიტ ბაბკენიანმა და ქრისტინე ჰოვჰანისიანმა, საფუძველი ჩაუყარეს ინიციატივებს რაზმიკთან ერთად; ამ არასამთავრობო ორგანიზაციას კიდევ რამდენიმე კოლეგა შეუერთდა. „ჩემთვის, როგორც ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის, პროგრამის EU4Youth კურსდამთავრებულთა ქსელი ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მე აქ შევხვდი ჩემს მენტორს, შევიძინე მეგობრები, რომლებიც მოგვიანებით ჩემი კოლეგები გახდნენ და ჩამოვაყალიბე პარტნიორული ურთიერთობები, რომლებიც ხელს უწყობს ჩემს განვითარებას“, ამბობს რაზმიკი.
მომავლის პერსპექტივები
კურსდამთავრებულთა ქსელის მეხუთე, ბოლო ნაკადი EU4Youth პროგრამის ფარგლებში 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო; ამ ნაკადში 60 აქტიური კურსდამთავრებული ჩაერთო, რომლებმაც ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელება 2025 წელს დაიწყეს. პროგრამის EU4Youth კურსდამთავრებულთა ქსელის დასკვნითი ღონისძიება 12-დან 14 ივლისამდე გაიმართება. ის საზეიმოდ აღნიშნავს, არა მხოლოდ ქსელის მეხუთე ნაკადის დასრულებას, არამედ, ასევე, შეაჯამებს ხუთივე ნაკადის საქმიანობას, მათ მიღწევებს და გამოცდილებას; გარდა ამისა, ღონისძიება ერთმანეთთან შესახვედრად შეკრებს კურსდამთავრებულებს და მენტორებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან.
კურსდამთავრებულთა ქსელი ოფიციალურად სრულდება, მაგრამ მისი მემკვიდრეობა გრძელდება. მიღებული უნარებისა და დამყარებული კავშირების წყალობით, კურსდამთავრებულები გააგრძელებენ თემების გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მათი უფრო ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობას.
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]

