რელიგიური ლიდერები გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
„ძლიერი ოჯახი ეფუძნება პატივისცემას და არა შიშს“, ამბობს მამა ნერსეს საჰაკიანი, სომხეთის გეღარქუნიქის რეგიონიდან.
მისი სიტყვები ქვეყანაში მიმდინარე ეტაპობრივ ცვლილებებს ასახავს, ქვეყანაში, სადაც პროგრამა – „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის“ გენდერული თანასწორობის მიმართ რელიგიური ლიდერების ხედვაში ცვლილების შეტანას ემსახურება. სომხეთში, სადაც მოსახლეობის 95,2 პროცენტი სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მიმდევარია, რელიგიური ლიდერები და რელიგიური ორგანიზაციები გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის საქმეში ძლიერ მოკავშირეებსა და წარმმართველ ძალას წარმოადგენენ. სომხეთი იყო პირველი სახელმწიფო ისტორიაში, რომელმაც IV საუკუნის დასაწყისში ქრისტიანობა მიიღო. ამგვარმა ხანგრძლივმა რელიგიურმა ტრადიციამ, ეკლესია სომხური საზოგადოების ცენტრალურ ბურჯად, ხოლო მისი ლიდერები – სოციალურ და კულტურულ სფეროზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე პირებად აქცია. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის“ პროგრამის ფარგლებში, უკვე 85-ზე მეტი ეკლესიის მსახურმა და სოციალურმა მუშაკმა გაიარა სპეციალური მომზადება, რაც მათი იმ უნარებითა და ცოდნით აღჭურვას ემსახურება, რომლებიც მათ თავიანთ თემებში გენდერული ძალადობის წამახალისებელ მავნე სტერეოტიპებთან ბრძოლაში დაეხმარება.
მამა ჰაკობ გრიგორიანი, შირაკის რეგიონიდან, ამ მიმართულებით საკუთარ მოღვაწეობას ასე აღწერს: „ხშირად, როცა ოჯახებს ვსტუმრობ, ოჯახის წევრების დასალოცად ან ყავის მისართმევად, ვამჩნევ დაძაბულობას, რომლის გამომწვევ მიზეზებზე ოჯახის წევრები ხმამაღლა არ საუბრობენ. საუბარი, ლოცვა ან უბრალოდ მოსმენა პრობლემის მოგვარებისა და განკურნების ძლიერ წინაპირობას წარმოადგენს“.
„ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის“ პროგრამის თანამშრომლობა რელიგიურ ლიდერებთან სცდება ტრადიციული თანამშრომლობის საზღვრებს და სრულიად ახალ მიდგომებს ეფუძნება, როგორიცაა სოციალური მედია კამპანიები, რასაც ეკლესია აქამდე აქტიურად არ იყენებდა.

სომხეთში, ერთი ამგვარი ინიციატივის ფარგლებში, სოციალურ ქსელ Instagram-ზე სომხეთის ეკლესიის დიაკონის, ტოვმას არაკელიანის ხელმძღვანელობით წარმოებულ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ჩართული პირების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. 27 წლის ტოვმასმა, თავისი გულწრფელი და ღია ვიდეოებით, სადაც სომხეთის სულიერ და კულტურულ მემკვიდრეობაზე ახალგაზრდა თაობისთვის გასაგებ და მისაღებ ენაზე საუბრობს, 146 000-ზე მეტი გამომწერი შეიძინა. მისი თანამშრომლობა „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის“ პროგრამასთან ემსახურებოდა ბავშვთა უფლებების დაცვასა და ოჯახში მშობლებსა და მეუღლეებს შორის როლების უფრო თანასწორი გადანაწილების ხელშეწყობას.
„ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის“ პროგრამა წარმატებით ახორციელებს მუშაობას ამ მიმართულებით მოლდოვაშიც, სადაც რელიგიური ლიდერები აქტიურად ჩაერთნენ გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის ძალისხმევაში. სომხეთის მსგავსად, მოლდოვაშიც, მოსახლეობის 95 პროცენტზე მეტი აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმდევარია.
„თუკი აქამდე ეს არ გაგვიკეთებია, ამიერიდან მაინც, ხალხს უნდა ვესაუბროთ ძალადობის შესახებ“, განაცხადა კიშინიოვის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელთმსახურმა, მამა რადუ სტოროჟამ, რომელიც ერთერთია იმ 10 რელიგიურ ლიდერს შორის, რომლებმაც სპეციალური მომზადება გაიარეს მოლდოვაში განხორციელებულ „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის“ პროგრამის ფარგლებში.

პროგრამის ფარგლებში გამართულ ინტერაქტიულ სემინარებსა და დისკუსიებში მონაწილე რელიგიურმა ლიდერებმა განიხილეს გენდერული ნიშნით ძალადობის ძირეული მიზეზები და მათი აღმოფხვრის საქმეში რელიგიური თემების როლი და მნიშვნელობა. ისინი ასევე გაეცნენ ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ემოციური მხარდაჭერის აღმოჩენისა და მხარდაჭერის მიმწოდებელ სამსახურებთან მათი გადამისამართების, ასევე, შესაბამის ინსტიტუტებთან თანამშრომლობისა და თავიანთი ქადაგებების საშუალებით პატივისცემისა და ღირსების შესახებ და, ასევე, ძალადობის წინააღმდეგ გზავნილების გავრცელების გზებს.
„პროგრამაში ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის მონაწილეობისას მიღებული ინფორმაციისა და შეძენილი უნარების წყალობით, ჩვენ ახლა უკეთ შეგვიძლია ჯანსაღი ოჯახური ურთიერთობების შესახებ ახალგაზრდებთან დისკუსიების წარმართვა“, ამბობს ანდრეი აპეტრეი, მღვდელთმსახური მოლდოვადან.
საქართველოშიც, აღნიშნულ პროგრამაში რელიგიური წრეების წარმომადგენელთა მონაწილეობამ სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალა. თვრამეტმა მუსლიმმა ლიდერმა ქვემო ქართლის რეგიონიდან, მონაწილეობა მიიღო ადრეული ქორწინებისა და გენდერული ნიშნით ძალადობის საზიანო პრაქტიკების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად და აღმოსაფხვრელად, პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში ორგანიზებულ ტრენინგში. „ჩვენი ძალისხმევა, ჩართულობა, რეკომენდაციები და ინფორმაციის გაზიარება შედეგს იძლევა,“ ამბობს შირხან ჩობანოვი, თბილისის ჯუმა მეჩეთის იმამი. „ჩვენი რჩევა მართლაც მნიშვნელოვანია და ჩვენ მოწმე ვხდებით ეტაპობრივი ცვლილებების როგორც თბილისში, ისე სხვა რეგიონებშიც“. შირხან ჩობანოვმა ისიც აღნიშნა, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების ნებართვისთვის ადრე გაცილებით ხშირი იყო მიმართვიანობა, რაც ბოლო ხანებში საგრძნობლად შემცირდა.

აზერბაიჯანში, „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის“ პროგრამამ საგრძნობი შედეგი გამოიღო, რელიგიურ ინსტიტუტებში გენდერული განათლების ინტეგრირების მიმართულებით. აზერბაიჯანის თეოლოგიის ინსტიტუტში შეიქმნა ახალი ინტერდისციპლინარული კურსი — „გენდერი და ისლამი“. იგი 2025-2026 სასწავლო წლიდან რელიგიათმცოდნეობის მაგისტრატურის პროგრამის ფარგლებში ამოქმედდება და გენდერულ საკითხებს ისლამის სწავლების კონტექსტში განიხილავს. აღნიშნული კურსი ასევე ემსახურება ცნობიერების ამაღლებას: 160 სტუდენტმა და 10 ლექტორმა გაიარა სპეციალიზებული ტრენინგი, რომელიც მოიცავდა გენდერულ თანასწორობასა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის დაძლევაში ისლამის როლთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული პროცესის მხარდასაჭერად, შეიქმნა სახელმძღვანელოების სერია, რომელიც პედაგოგებსა და სტუდენტებს უფრო ინკლუზიური ხედვის ჩამოყალიბებაში ეხმარება, რაც შესაბამისობაშია და მოიცავს როგორც რელიგიურ პრინციპებს, ასევე გენდერულ სამართლიანობას.
რეგიონის მასშტაბით რელიგიურ ლიდერებთან მუშაობა არა მხოლოდ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლაა, არამედ გენდერული თანასწორობისადმი დამოკიდებულების შეცვლასაც ემსახურება. სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებთან პარტნიორობის გაგრძელებით, „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის“ პროგრამა შეძლებს, უზრუნველყოს მდგრადი ცვლილებები, მავნე და საზიანო სოციალური ნორმების შეცვლის გზით.
სტატია გამოქვეყნებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]