როგორ შევუნარჩუნოთ სიცოცხლე ჟურნალისტიკას ციფრულ ეპოქაში: ინტერვიუ TikTok-ის ექსპერტ ერიკა მარცანოსთან
სოციალური მედიის ჟურნალისტიკა ვითარდება და ცვლილებებს ჟურნალისტებმაც უნდა აუწყონ ფეხი. როგორც სოციალური მედიის ყველა სხვა პლატფორმას, TikTok-საც ინტერაქცია კვებავს. ტრადიციული მედიისაგან განსხვავებით, რომელიც უბრალოდ კონტენტს გადმოსცემს, TikTok-ის მსგავსი პლატფორმები აქტიურ ჩართულობასა და მოსმენას მოითხოვს. თუკი ჟურნალისტები და მედიაორგანიზაციები ახალ რეალობასთან ადაპტირებას ვერ შეძლებენ, ისინი თანდათან აქტუალობას დაკარგავენ. იცვლება ამბის თხრობის ფორმები და მათთან ერთად უნდა შეიცვალოს აუდიტორიასთან ურთიერთობის მიდგომებიც.
ერიკა მარცანო Deutsche Welle-ს ჟურნალისტია და აუდიტორიის განვითარებაზე მუშაობს. მისი ფოკუსი სოციალური მედიის ჟურნალისტიკაა. ამ სფეროში მისი გამოცდილება არა ფორმალურ განათლებას, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებას ეფუძნება. ერიკას არაერთი მასშტაბური ტრენინგი აქვს ჩატარებული სხვადასხვა კერძო ორგანიზაციისა თუ უნივერსიტეტისთვის; ამასთან, ერიკამ არაერთი ტრენინგი შესთავაზა ჟურნალისტებსა და მედიაგანვითარების ორგანიზაციებსაც. ცოტა ხნის წინ, EU4IndependentMedia (“ევროკავშირი დამოუკიდებელი მედიისათვის”) პროექტის ფარგლებში, ერიკამ ჩაატარა შეხვედრები, სადაც მენტორობა გაუწია ქართველ და ბელარუს ჟურნალისტებს.
ტრადიციული აზროვნების მოდელი შენარჩუნებულია
ქართველ ჟურნალისტებთან მუშაობისას შევამჩნიე, რომ ბევრ მათგანს ჯერაც შემორჩენილი აქვს ტრადიციული, სატელევიზიო ჟურნალისტიკისთვის სახასიათო აზროვნების მოდელი. უმრავლესობა ორიენტირებულია ტრადიციულ მედიასაშუალებებზე – ტელევიზიაზე, ბეჭდურ მედიასა თუ რადიოზე, რადგან ეს პლატფორმები ჯერ კიდევ ფარავს აუდიტორიის გარკვეულ ნაწილს. თუმცა, ამ ტრადიციულ არხებს თითქმის აღარ ჰყავს ახალგაზრდა აუდიტორია და სწორედ აქ იჩენს თავს მთავარი გამოწვევაც.
ამასთან, ქართველი ჟურნალისტები სატელევიზიო და ციფრულ ჟურნალისტიკას ერთმანეთისაგან მკაფიოდ მიჯნავენ, ხოლო ვებგვერდებს აღიქვამენ, როგორც უფრო ტელევიზიის დამატებით ფუნქციას და არა როგორც დამოუკიდებელ ციფრულ პლატფორმებს. შესაბამისად, მოკლე ვერტიკალურ ვიდეო ფორმატთან ადაპტაციის პროცესში, მთავარი გამოწვევა მათთვის სწორედ ფორმატი აღმოჩნდა.

თავდაპირველად, TikTok-ისა და მსგავსი პლატფორმების გამოყენება მათ არსებული სატელევიზიო კონტენტის გამოყენებით დაიწყეს – ისინი ტრადიციულ რეპორტაჟებს უცვლელად, შესაბამისი ადაპტაცია-დამუშავების გარეშე აქვეყნებდნენ. ეს მეთოდი, შესაძლოა, გარკვეულწილად ამართლებდეს სხვა სოციალურ მედიაპლატფორმებზე, მაგრამ არა მოკლე ვერტიკალური ვიდეოფორმატისთვის. თუმცა, როგორც კი მათ დაიწყეს სპეციფიკურად TikTok-თვის განკუთვნილი კონტენტის შექმნა, შეიცვალა არამხოლოდ აუდიტორიის ჩართულობის, არამედ მათი ამბის თხრობისადმი მიდგომებიც.
აშკარა გახდა, რომ მოკლე ვერტიკალური ვიდეოები რელევანტურია არამხოლოდ TikTok-ის, არამედ ტრადიციული თუ შედარებით ახალი სოციალური მედიაპლატფორმების უმრავლესობისთვისაც. ამ თავისებურების გათვალისწინებისთანავე, მკაფიოდ შეიცვალა აუდიტორიის რეაგირების ხარისხიც და, რაც მთავარია, ციფრული ჟურნალისტიკისადმი თავად ჟურნალისტების დამოკიდებულებაც.
სხვადასხვა ენაზე ხელმისაწვდომი ინსტრუმენტების სიმწირე
ქართველი ჟურნალისტებისათვის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა ვიდეომასალის რედაქტირება. სოციალური მედიაპლატფორმების უმრავლესობაზე რედაქტირება მობილური მოწყობილობის გამოყენებით ხორციელდება და ხშირად ხელმისაწვდომია ავტომატური ტრანსკრიპტებისა და დახურული სუბტიტრების ფუნქციაც. თუმცა, ამ ინსტრუმენტებს, როგორც წესი, ქართულენოვანი მხარდაჭერა არ აქვს. რედაქტირების წამყვანი პლატფორმების უმრავლესობას უჭირს ქართული წინადადების სტრუქტურის ამოცნობა, რის გამოც ნაკლებად სანდოა ავტომატური ჭრისა თუ სუბტიტრების ფუნქციები.
თავადვე გამოვიკვლიე, რომ რედაქტირების ინსტრუმენტებისათვის ადვილია სხვადასხვა ენაზე წარმოთქმულ წინადადებებში პაუზების გამოვლენა და შესაბამისად ვიდეო კონტენტის კორექტირებაც, თუმცა ქართული ენის შემთხვევაში ეს არ მუშაობს. ციფრული ინსტრუმენტების მხარდაჭერის სიმწირე ხსნის, რატომ იყენებდნენ ქართველი ჟურნალისტები არსებულ სატელევიზიო კონტენტს სოციალური მედიის პლატფორმებისთვისაც და არ ქმნიდნენ TikTok-ზე და მსგავს პლატფორმებზე მორგებულ კონტენტს. მათ უბრალოდ არ ჰქონდათ სათანადო ციფრული ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ პროცესში მათ დაეხმარებოდა.
სოციალური მედია უბრალოდ დანამატი არ არის
სოციალური მედიის კონტენტი სპეციალურ ყურადღებას მოითხოვს. რომელიმე ჟურნალისტს ასე უბრალოდ ვერ ეტყვი: „მოდი, არსებული სამუშაოს გარდა, სოციალურ მედიასაც მიხედე.“ ასე არ შეიძლება. სოციალური მედიის ჟურნალისტიკას სპეციალიზებული, ცალკე გუნდი სჭირდება, თუნდაც ეს იყოს მხოლოდ ორი-სამი ადამიანი, რომლებიც სრულად ფოკუსირდებიან ონლაინაუდიტორიაზე მორგებული ციფრული კონტენტის კვლევაზე, შექმნაზე, ადაპტირებასა და გამოქვეყნებაზე.
სამწუხაროდ, სოციალური მედიის ჟურნალისტიკაში არ არსებობს წარმატების ჯადოსნური ფორმულა. ტრადიციული მედიისაგან განსხვავებით, რომელშიც აუდიტორიის ქცევა უფრო პროგნოზირებადია, სოციალური მედიის ეფექტურობის მაჩვენებლებს განაპირობებს კორპორაციების მიერ მართული ალგორითმები. ჩვენ, როგორც ჟურნალისტები, ვერ განვსაზღვრავთ შესრულების ძირითად ინდიკატორებს (KPI) ეფექტიანობის შესაფასებლად და ვერ ვახდენთ გავლენას პლატფორმის მიერ კონტენტის გავრცელებაზე. სასურველი შედეგების მიღწევის უნარი გამოცდილებასთან ერთად მოდის.
ემიგრაციაში მყოფ ჟურნალისტებს უჭირთ აუდიტორიაზე წვდომა
ბელარუსული დამოუკიდებელი მედიისთვის ყველაზე დიდი დაბრკოლება ემიგრაციაში მუშაობაა. ბელარუსი ჟურნალისტების უმრავლესობა, თუ ყველა არა, სამშობლოში არ იმყოფება, რაც წარმოუდგენელ სირთულეებს უქმნით, რადგან სოციალური მედიაპლატფორმები სულ უფრო და უფრო ხშირად იყენებენ ლოკალიზებულ ალგორითმებს და უპირატესობას ანიჭებენ კონტენტის გავრცელებას იმ ქვეყანაში, რომელშიც მომხმარებელი ფიზიკურად იმყოფება. თუკი ემიგრაციაში ხართ, თქვენს კონტენტს უფრო დიდი ალბათობით ნახავენ მასპინძელ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები, ვიდრე თქვენი სამიზნე აუდიტორია და თანამემამულეები, რომელთან დაკავშირებასაც ცდილობთ. შედეგად, ძალიან ძნელდება იმ ხალხისთვის ხმის მიწვდენა, ვისაც ინფორმაცია ყველაზე მეტად სჭირდება.

ემიგრაციაში მუშაობისას ბელარუსში მყოფ აუდიტორიაზე წვდომის მცდელობებმა განაპირობა ალტერნატიული სტრატეგიების განხილვა, რომლებიც მოიცავს ძველი კონტენტის განახლება-გადამუშავებას, საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის (SEO) ტექნიკების ადაპტაციასა და პოპულარული საკვანძო სიტყვების გამოსავლენი ინსტრუმენტების გამოყენებას. მთავარ განსახილველ თემად იქცა Ezio – საკვანძო სიტყვებისა და ძიების ოპტიმიზაციის ინსტრუმენტი. ჩვენ შევისწავლეთ პოპულარული საკვანძო სიტყვების იდენტიფიცირების გზები და შევიტყვეთ, რა ხდებოდა ბელარუსულ TikTok-ზე ქვეყანაში ფიზიკურად ყოფნის გარეშე. რადგან ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი ყოველთვის ვერ შეიტყობს, როგორია ბელარუსში მყოფი აუდიტორიის ყოველდღიური გამოცდილება, საჭირო იყო კონტენტის ტენდენციების შესწავლისა და ანალიზის ალტერნატიული საშუალებები. ამგვარი გამოწვევები ჟურნალისტებს ახლებურად ფიქრისკენ უბიძგებს და აიძულებს, სრულად გადახედონ კონტენტის გავრცელების სტრატეგიებს.
ძალიან საინტერესო პროცესი გამოვიდა: სხვადასხვა ინსტრუმენტით ექსპერიმენტირება, შეზღუდვების გადალახვის გზების ძიება და იმის გარკვევა, თუ როგორ შეიძლება ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტის დაკავშირება მშობლიურ აუდიტორიასთან, არსებული სირთულეების მიუხედავად. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადაპტაცია და ინოვაცია ციფრულ ეპოქაში თანამედროვე ჟურნალისტიკისათვის.
სოციალურ მედიაპლატფორმებზე კონტენტის გავრცელების შეზღუდვების დაძლევა
ერთ-ერთი სირთულე, რომელსაც საქართველოში გადავაწყდი, გამოიკვეთა არჩევნებისა და მასთან დაკავშირებული თანმდევი პროტესტის დროს. სოციალურ მედიაპლატფორმებზე კონტენტის მოდერაცია მალევე იქცა სერიოზულ პრობლემად. ამ პლატფორმებს ბუნდოვანი წესები აქვთ – ისინი მკაფიოდ არ განმარტავენ, რა ტიპის კონტენტი შეიძლება წაიშალოს ან შეიზღუდოს. არ არსებობს კონკრეტული სია მითითებებით, რომ, მაგალითად, “თუ არ გამოაქვეყნებ A-ს, B-ს ან C-ს, პრობლემა არ შეიქმნება.” ამის ნაცვლად, ჟურნალისტებს მუდმივად ბეწვის ხიდზე უწევთ სიარული და არასდროს იციან, რა ბედი ეწევა მათ კონტენტს – დაექვემდებარება თუ არა მათი მასალა ცენზურას, დაიბლოკება თუ არა მათი ანგარიშები, ან საერთოდ წაიშლება თუ არა გვერდები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.
ამ გაურკვევლობამ საგრძნობი დაძაბულობა გამოიწვია. ჟურნალისტებს კრიტიკული ინფორმაციის გაზიარება სურდათ, თუმცა, ისიც ესმოდათ, რომ შეიძლებოდა კონტენტი დაბლოკილიყო და მთელი ნამუშევარი წყალში ჩაყროდათ. ასეთ გამოწვევასთან ჭიდილი დამღლელია, თუმცა, იმავდროულად, ჟურნალისტებს შემოქმედებითად ფიქრისკენ და კრეატიული გამოსავლის ძიებისკენ უბიძგებს.
ეს სირთულეები განსაკუთრებულად მწვავდება კრიზისულ სიტუაციებში, თუმცა ჟურნალისტმა ყოველდღიური საქმიანობის პროცესშიც უნდა გაითვალისწინოს ციფრული პლატფორმების ცვალებადი შეზღუდვები და, ამასთან, უზრუნველყოს, რომ კონტენტი სამიზნე აუდიტორიამდე მივიდეს. ეს დაუსრულებელი ადაპტაციის პროცესია, აქ მუდმივად საჭიროა ბალანსის შენარჩუნება, თუმცა, საბოლოო ჯამში, სწორედ ეს გვიწრთობს ადაპტაციისა და ციფრულ ეპოქაში ჟურნალისტიკის გადარჩენისათვის საჭირო უნარებს.

TikTok-თან დაკავშირებული საკვანძო აღმოჩენა
TikTok-თან ადაპტირებისას ჟურნალისტებისათვის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა იყო ის, რომ ეს პლატფორმა არაფორმალურობისა და მოუმზადებლობის საშუალებას იძლევა. თავდაპირველად ბევრი ყოყმანობდა და ფიქრობდა, რომ სპეციალური სტუდიური გარემო სჭირდებოდათ – მწვანე ეკრანი, მაღალტექნოლოგიური მოწყობილობები ან სრული ტექნიკური გუნდი. მეუბნებოდნენ, “კოლეგებს უნდა ვკითხო, უნდა ვითხოვო ან ვიყიდო ახალი მოწყობილობები.” მე კი მუდმივად ერთსა და იმავეს ვპასუხობდი: “მართლა არ არის საჭირო.”
კი, ნამდვილად უფრო ხშირად უნდა აქვეყნოთ კონტენტი, რადგან როგორც TikTok-მა თავადვე დაადასტურა, რაოდენობა ხილვადობას ზრდის. როგორც წესი, ჟურნალისტიკაში მიჩვეულები ვართ იმის მოსმენას, რომ “ხარისხი რაოდენობაზე მნიშვნელოვანია”, თუმცა TikTok-ზე ეს წესი შებრუნებულია – მეტი მეტს ნიშნავს. ალგორითმი ხშირ კონტენტს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სრულყოფილება აუცილებელია. არ არის საჭირო ჩაწერამდე ზედმიწევნით მომზადება ან ჩაწერის შემდგომი რედაქტირების მძიმე პროცესი. მაინც არედაქტირებთ? მაშინ, სწრაფად იმუშავეთ.
საუკეთესო მიდგომაა ავთენტურობა და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება. გამოიყენეთ ტელეფონი, საკუთარ თავს გადაუღეთ ვიდეო და გამოაქვეყნეთ. სულ ესაა. აუდიტორია, განსაკუთრებით კი – ახალგაზრდა მაყურებელი, აფასებს ინფორმაციას, რომელიც უფრო ნამდვილია, რეალისტურია, სადაც იგრძნობა პიროვნული, ავთენტური დამოკიდებულება და მას ნაკლებად მოსწონს წინასწარ დამუშავებული, კორპორაციული კონტენტი.
იმისათვის, რომ ჟურნალისტებს ამ ცვლილების გააზრებაში დავხმარებოდი, ვაჩვენე ამ პლატფორმასთან ტრადიციული მედიასაშუალებების ადაპტაციის წარმატებული მაგალითები. როცა თავადვე ნახეს ეს შემთხვევები, მიხვდნენ, რომ TikTok-ის უშუალო, შემოქმედებით სტილს ახალი ამბების ცნობილი ორგანიზაციებიც კი იყენებენ და, იმავდროულად, ჟურნალისტურ კეთილსინდისიერებას ინარჩუნებენ. ზოგიერთმა აღნიშნა კიდეც: “გასაოცარია – ვერც მივხვდებოდი, რომ ეს მედია[პროდუქტი] იყო, ლოგო რომ არ დამენახა.” სწორედ ესაა მთავარი გამოწვევა: შევამციროთ ზღვარი ჟურნალისტიკასა და ციფრული კონტენტის შექმნას შორის, ამავდროულად კი, პროფესიული ეთიკის სტანდარტები და აუდიტორიის ნდობა შევინარჩუნოთ.
ამგვარი ცვლილებები მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს. როიტერსის ჟურნალისტიკის კვლევის ინსტიტუტმა (Reuters Institute for the Study of Journalism) ციფრული სიახლეების ბოლოდროინდელ ანგარიშში (Digital News Report) დაადასტურა, რომ უმრავლესობა სიახლეებს სოციალური მედიის მეშვეობით იგებს; მეტიც, მომხმარებლები უფრო და უფრო ხშირად ეცნობიან დამოუკიდებელი კრეატორების კონტენტს, ვიდრე ტრადიციული ჟურნალისტებისა თუ ახალი ამბების ორგანიზაციების მიერ შექმნილ მასალებს. ამრიგად, ჩვენი გამოწვევა თვალსაჩინოა: თუ გვინდა, აქტუალობა შევინარჩუნოთ, ციფრული კონტენტის შემქმნელების ენასა და ნარატიულ ტექნიკებს უნდა მივბაძოთ, თუმცა, იმავდროულად, ჟურნალისტიკის ეთიკური სტანდარტებიც შევინარჩუნოთ.
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა? სრულყოფილებით შეპყრობილი ნუ იქნები. უბრალოდ, იყავი ბუნებრივი. იყავი, ის, როგორიც სინამდვილეში ხარ. დღევანდელ აუდიტორიას სწორედ ეს ხიბლავს.
ყველაზე ხშირად დასმული კითხვა
ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეკითხვა, რომელსაც მისვამენ ხოლმე, TikTok-ის მონეტიზაციას უკავშირდება. დაფინანსება მედიისათვის ყოველთვის მწვავე საკითხია, განსაკუთრებით კი – სოციალურ პლატფორმებზე. კონტენტის შემქმნელები და დამოუკიდებელი ორგანიზაციები ზოგჯერ დამოკიდებულები არიან მონეტიზაციის ფუნქციებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია, მაგალითად, YouTube-სა თუ Facebook-ზე. სამწუხაროდ, TikTok მონეტიზაციის ვარიანტებს სთავაზობს არა ორგანიზაციებს, არამედ მხოლოდ ინდივიდუალურ კრეატორებს.

ამან გამოიწვია საინტერესო დისკუსია: როგორ შეუძლიათ მედიაორგანიზაციებს პლატფორმაზე კონტენტის განთავსება და, იმავდროულად, ჟურნალისტებისათვის ინდივიდუალური ნამუშევრის მონეტიზაციის შესაძლებლობების შექმნა? ერთ-ერთი მიდგომა იყო ორგანიზაციის ანგარიშების შენარჩუნება და, პარალელურად, მონეტიზაციის მიზნით ინდივიდუალური ანგარიშების შექმნაში ჟურნალისტების მხარდაჭერა. კონტენტის შექმნისადმი ამგვარი პერსონალიზებული მიდგომა საინტერესო განსახილველი აღმოჩნდა – განსაკუთრებით იმიტომ, რომ მე თვითონ, როგორც საზოგადოებრივ მედიასაშუალებაში დასაქმებულს, არასდროს დამჭირვებია მონეტიზაციის სტრატეგიებზე ფიქრი. საზოგადოებრივ მაუწყებლებს ამ მოდელზე დამოკიდებულება არ უწევთ და, შესაბამისად, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ ამ სტრატეგიების განხილვამ ბევრი რამ ახლებურად დამანახა.
იაფი, დემოკრატიული და არაანგარიშვალდებული
TikTok-მა შეძლო ინფორმაციის დემოკრატიზება, თუმცა, ამას როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეებიც ახლავს. უარყოფითი არის ის, რომ მცდარი ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება, რადგან ყველას შეუძლია კონტენტის გადაღება და გამოქვეყნება, რომელიც მილიონობით ადამიანს რედაქტორის ზედამხედველობის გარეშე აღწევს. საჭირო არ არის ძვირიანი აღჭურვილობა თუ სპეციალური მომზადება. დადებითი კი ის არის, რომ TikTok-ის მეშვეობით შესაძლებელია სიტუაციის უშუალო თვითმხილველთა მიერ რეალურ დროში ინფორმაციის გადმოცემა.
უკრაინის კონფლიქტის დასაწყისში, ახალგაზრდებმა, რომლებიც მანამდე მაკიაჟის სასწავლო ვიდეოებს იღებდნენ, ბუნკერების გამოცდილების გაზიარება დაიწყეს. ვიდეოკლიპები ისევ ინსტრუქციებს („ჩემთან ერთად მოემზადე“) მოიცავდა, თუმცა ამჯერად უკვე ომის სიტუაციას უკავშირდებოდა. ახალგაზრდები ავრცელებდნენ უშუალოდ ნანახი ევაკუაციებისა და სხვა საომარი მოქმედებების ამსახველ მასალას, რითაც სამყაროს ამ მოვლენების გაცნობის ახლებურ შესაძლებლობას სთავაზობდნენ.
სოციალურ მედიაპლატფორმებს ხშირად თანამედროვე თავშეყრის ადგილებს (ქალაქის მოედნებს) უწოდებენ, თუმცა, აშკარაა ფრაგმენტაციის მზარდი ხარისხიც. იყო საუბარი TikTok-ის აკრძალვაზეც. აქ ჩნდება კითხვა: თუკი პლატფორმა გაუჩინარდება, რა მოუვა აუდიტორიას? სადმე სხვაგან გადაინაცვლებს თუ თავად ამბის თხრობის მეთოდი შეიცვლება? ამაზე ცალსახა პასუხი არ გვაქვს.
რა თქმა უნდა, ვიაზრებ ამ პლატფორმებთან დაკავშირებულ შეშფოთებას, განსაკუთრებით კი – მონაცემთა დაცულობისა და შესაბამისი რეგულაციების ჭრილში, რაზეც აქტიურად მსჯელობს ევროკომისია. თუმცა, ჩვენ, როგორც ჟურნალისტები, ვალდებულნი ვართ ამ პლატფორმებზეც ვიმუშაოთ მიზნების მისაღწევად. აუდიტორია უკვე იქაა. მათ ვერ მივუთითებთ, სად გაეცნონ სიახლეებს – ჩვენ უნდა მოვერგოთ მათს მოთხოვნებს და იქ შევხვდეთ, სადაც არიან. თუკი პლატფორმა აიკრძალება, აუდიტორია არ გაქრება, უბრალოდ სხვაგან გადაინაცვლებს. ჩვენ კი უნდა ვისწავლოთ, როგორ გავყვეთ და მოვერგოთ შესაბამის ცვლილებებს.
TikTok მსოფლიოს მასშტაბით
TikTok-ის მომხმარებლის დემოგრაფია დროთა განმავლობაში შეიცვალა. ევროპაში მომხმარებლების ყველაზე დიდი ჯგუფი 24-35 წლის ადამიანებისაგან შედგება. ბევრი მათგანი ჯერაც თინეიჯერი იყო, როცა TikTok-ის პოპულარობამ ზენიტს მიაღწია 2019-2020 წლებში. შუა აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში TikTok-ის აუდიტორია ცოტათი უფროსია და დაახლოებით ემთხვევა Instagram-ის მომხმარებლის ასაკს.
ამის საპირისპიროდ, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: პაკისტანი, ინდონეზია და ბანგლადეში, TikTok-ს მეტწილად ახალგაზრდა მომხმარებელი ჰყავს. ეს მახასიათებელი ზემოქმედებს კონტენტის სტილზე – ერთსა და იმავე ამბავს ერთნაირად ვერ მოუყვებით 14 წლის ახალგაზრდას, 18 წლისა და 30 წლის მაყურებელს.
კიდევ როგორ შეიძლება TikTok-ის გამოყენება
არაერთი ქართველი და ბელარუსი ჟურნალისტი, რომლებსაც ტრენინგი ჩავუტარე, TikTok-ს კვლევისათვის ხელსაყრელ პლატფორმად თვლის. ბევრი ამ სოციალურ ქსელს არამხოლოდ კონტენტის გასავრცელებლად, არამედ სხვადასხვა თემების მოსაძიებლადაც იყენებს. ერთმა ბელარუსმა ჟურნალისტმა მითხრა, რომ TikTok-ის ძიების ფუნქციას ახალი მასალის შესაქმნელად რეგულარულად იყენებს, რომ სიუჟეტისთვის ახალი იდეები დაებადოს. აქ იკვეთება მნიშვნელოვანი ცვლილება – სოციალური მედია მხოლოდ კონტენტის გავრცელებას აღარ ემსახურება; ის უკვე კვლევის, ახალი აღმოჩენების და ჩართულობის სივრცეც არის.
ავტორი: ზოია ჩარლზი
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]