Skip to main content
ციფრულ სამყაროში შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს: გაიცანით თინათინი, ჰასმიკი და ოფელია
[featured_image_copyright]
აგვისტო 19, 2025

ციფრულ სამყაროში შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს: გაიცანით თინათინი, ჰასმიკი და ოფელია


საქართველოსა და სომხეთში სპეციალური საჭიროების მქონე პირები ყოველდღიურად მრავალი დაბრკოლების წინაშე დგანან. ისინი ჯერ კიდევ სტიგმატიზირებულებად რჩებიან, რაც უარყოფითად აისახება მათი ცხოვრების უამრავ ასპექტზე. სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის, სხვა ბევრი სირთულის პარალელურად, გამოწვევად რჩება განათლებასა და დასაქმებაზე ხელმისაწვდომობა.

ციფრული პროფესია დამოუკიდებლად ცხოვრების დასაწყებად

თინათინ ნეფარიძე ქალაქი ჭიათურიდანაა. თინა ვებ-დეველოპმენტითაა გატაცებული და სფეროს დაუფლებასთან ერთად, ინგლისურსაც აქტიურად სწავლობს. უყვარს ჭადრაკი და ცურვა. თინა აქტიური ცხოვრებით არის დაკავებული, თუმცა არაადაპტირებული გარემო მას უამრავი გამოწვევის წინაშე აყენებს:

“მე, როგორც სპეციალური საჭიროების მქონე პირს, ქალაქში მხვდება უამრავი პრობლემა. მაგალითად, კიბეებზე გადასაადგილებლად არ არის მოაჯირები, ასევე, ყველგან არ არის ლიფტი და ზებრა გადასასვლელი.“

თინა ჭიათურაში დაიბადა და გაიზარდა. სპეციალური საჭიროებიდან გამომდინარე, სწავლობდა ჭიათურის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლაში. იქ გატარებული წლები განსაკუთრებული სითბოთი ახსენდება და ამბობს, რომ ეს პერიოდი გარდამტეხი იყო მის ცხოვრებაში. სკოლის ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ, თბილისში, პროფესიულ სასწავლებელში ვებ-დეველოპმენტის მიმართულებით გააგრძელა სწავლა.

საკუთარ თავს ციფრულ პროფესიაში ხედავს, რადგან ჭიათურა არც თუ ისე ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის და ქალაქში გადაადგილება ზოგჯერ გარკვეულ გამოწვევებთანაა დაკავშირებულიამასთან, ციფრული პროფესიები მაღალი ანაზღაურებითაც გამოირჩევა და უცხოურ კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას იძლევა. 

2024 წლის შემოდგომაზე, თინამ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტრენინგები გაიარა და მიიღო ახალი ცოდნა ციფრულ პროფესიებსა და ციფრულ სამყაროში დასაქმების შესახებ. სესიები დაეთმო ვებ-დეველოპმენტს, ციფრულ მარკეტინგს, სოციალური მედიის მართვას და სხვა. თინა ამბობს, რომ მიღებული ცოდნა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან თავის მომავალს ვებ-დეველოპმენტს უკავშირებს:

„სამომავლოდ, ჩემს თავს ვხედავ დეველოპერად. ამ პროფესიაში შესაძლებელია სხვა ქვეყნებშიც იმუშავო, თანაც, სახლიდან გაუსვლელადაც და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც იმის გამო, რომ დამოუკიდებლად ვიცხოვრო და ჩემი თავის რეალიზება შევძლო.“

ჰასმიკი და ოფელია შეძენილ ცოდნას სხვა სპეციალური საჭიროების მქონე პირებს უზიარებენ 

ოფელია ვირაბიანი და ჰასმიკ მხითარიანი სომხეთში, ლორის რეგიონში ცხოვრობენ. ისინი მეგობრები არიან და სომხურ ორგანიზაციაში “EREO – თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობები” მუშაობენ. ორგანიზაცია 2014 წელს დაარსდა და სპეციალური საჭიროების მქონე პირთა უფლებებს იცავს. 

ამავე ორგანიზაციის ბაზაზე დაფუძნებულია დამოუკიდებელი რესურსცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა სერვისს, მათ შორის თანატოლთა მხარდაჭერასა და მენტორობას, ინფორმაციის გაზიარებასა და ადვოკატირებას. აქვეა სოციალური საწარმოც, რომელშიც სპეციალური საჭიროების მქონე პირები და სხვა ახალგაზრდები მუშაობენ: ისინი ხელნაკეთ პროდუქტებს – თოჯინებსა და ხის ნაკეთობებს ამზადებენ.

ჰასმიკმა და ოფელიამ ევროკავშირის მხარდაჭერილი ინიციატივის ფარგლებში საპროექტო წინადადებები წარადგინეს და მიიღეს გრანტი თავიანთი პროექტების განსახორციელებლად.

ჰასმიკის პროექტის ფარგლებში 30 ახალგაზრდას ჩაუტარდა 14 ტრენინგი ციფრულ კომპეტენციებზე, ხოლო ოფელიას ინიციატივის ფარგლებში შედგა ოთხი ონლაინტრენინგი კარიერის დაგეგმვის შესახებ. მათ მიერ განხორციელებული აქტივობები მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ლორის რეგიონში მცხოვრები სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც არ არიან ჩართულები სასწავლო პროგრამებში და ამჟამად დასაქმებულები არ არიან.

“ქვეგრანტების ფარგლებში, ონლაინ და ადგილზე ჩატარებული ტრენინგების გარდა, გამოვავლინეთ ადგილობრივი ციფრული კომპანიები, რომლებშიც შესაძლებელია დასაქმება. ამ ეტაპზე, ვგეგმავთ, აღნიშნული კომპანიები და ტრენინგის მონაწილეები მრგვალი მაგიდის ფორმატში შევახვედროთ ერთმანეთს და მივცეთ ერთმანეთის გაცნობისა და გასაუბრების შესაძლებლობა. არის პროექტები, რომლებზეც უბრალოდ ვალდებული ხარ იმუშაო, ეს კი იყო პროექტი, რომელზეც დიდი სიამოვნებითა და სიყვარულით ვიმუშავეთ.” – ამბობს ჰასმიკ მხითარიანი.

ტრენინგებს დაესწრნენ სპეციალური საჭიროებების მქონე პირები და ის ახალგაზრდები, რომლებიც არ არ არიან ჩართულნი ამა თუ იმ სასწავლო პროცესში და არ აქვთ სამსახური, ასევე, მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული პირები.

ოფელია ამბობს, რომ აღნიშნული პროექტი მისთვისაც გამორჩეული იყო, რადგან ის დაეხმარა მას და ჰასმიკს არა მხოლოდ თავიანთი და სხვა ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებაში, არამედ სტერეოტიპების დამსხვრევასა და ახალგაზრდების დამოკიდებულებების შეცვლაში.

“აღსანიშნავია, რომ პირველ შეხვედრაზე საკმაოდ დაძაბული ატმოსფერო იყო, ახალგაზრდებს ჰქონდათ გარკვეული შიშები, თუმცა რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ყინული გადნა და თითოეული მათგანი გაიხსნა. მოხარული ვარ, რომ ჩვენ შევძელით ჩვენი მიზნის მიღწევა და რაც მთავარია, ახალი მეგობრების შეძენა. მჯერა, რომ ეს მეგობრობა დიდხანს გაგრძელდება.” – აღნიშნავს ოფელია ვირაბიანი.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „ციფრული და კარიერის მართვის კომპეტენციების გაძლიერება საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში მცხოვრები მოწყვლადი ახალგაზრდებისთვის“ საქართველოში ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი. პროექტის პარტნიორები არიან კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, მოლდოვური ორგანიზაცია Millenium და სომხური ორგანიზაცია Agate.



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,