ევროკავშირის პოლიტიკა
ევროპული სამეზობლო პოლიტიკა (ENP) წარმოადგენს ევროკავშირის ურთიერთობის საფუძველს მის 16 უახლოეს აღმოსავლეთ და სამხრეთ მეზობელთან.
აღმოსავლეთ პარტნიორობა
აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP) – ეს არის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის აღმოსავლეთის განსაკუთრებული განზომილება, რომელსაც 2009 წელს ჩაეყარა საფუძველი. აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანია პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება და გაღრმავება ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს და აღმოსავლეთ ევროპის და სამხრეთ კავკასიის ექვს „პარტნიორ ქვეყანას“ შორის, ეს ქვეყნებია: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა.
ახალი დღის წესრიგი 2020 წლის შემდეგ
აღმოსავლეთ პარტნიორობა წლების განმავლობაში უდიდეს როლს ასრულებდა ევროკავშირის და მისი პარტნიორი ქვეყნების დაახლოებაში. აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის ნოემბრის სამიტზე გამოცხადდა ახალი მიდგომა და იმავდროულად მიღებულ იქნა რეფორმების ზოგადი დღის წესრიგი სახელწოდებით „20 შედეგი 2020 წლისთვის“. ამ ამბიციური სამუშაო გეგმის ძირითადი საკითხი იყო რეალური შედეგების მიღება შესაბამის ქვეყნებში და მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება პოლიტიკის ოთხ ძირითად სექტორში: (1) ეკონომიკის გაძლიერება; (2) მმართველობის გაძლიერება; (3) კავშირების გაძლიერება; და (4) საზოგადოების გაძლიერება; გეგმა ასევე ითვალისწინებდა გენდერული, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებს, რომლებიც ოთხივე ზემოაღნიშნულ სექტორს მოიცავს.
დღის წესრიგის გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო 2019 წელს ვრცელი და ინკლუზიური კონსულტაციების საფუძველზე. ამის შედეგად შექმნილი
ერთობლივი კომუნიკაცია: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა 2020 წლის შემდეგ: სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერება – აღმოსავლეთ პარტნიორობა ყველასთვის და
საბჭოს დასკვნები აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის თაობაზე 2020 წელის შემდეგ, პარტნიორობისთვის ახალ დღის წესრიგს შემდეგი ხუთი გრძელვადიანი პოლიტიკური ამოცანის გარშემო აყალიბებს:
- ერთად სიცოცხლისუნარიანი, მდგრადი და ინტეგრირებული ეკონომიკისთვის;
- ერთად ანგარიშვალდებული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და უსაფრთხოებისთვის;
- ერთად გარემოს და კლიმატის სიცოცხლისუნარიანობისკენ;
- ერთად სიცოცხლისუნარიანი ციფრული ტრანსფორმაციისთვის;
- ერთად სიცოცხლისუნარიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებებისთვის.
ეს ახალი დღის წესრიგი, რომელიც განისაზღვრა პერსონალის ერთობლივ სამუშაო დოკუმენტში: აღდგენა, მედეგობა და რეფორმები: აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი პრიორიტეტები, რომლებიც 2021 წლის ივლისში დამტკიცდა, ორ პრინციპს ეყრდნობა: ინვესტიციები – რომელსაც მხარს დაუჭერს 2.3 მილიარდი ევროს ღირებულების ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა გრანტების, შერეული რესურსებისა და გარანტიების სახით. ამ გეგმას 17 მილიარდი ევროს ოდენობის სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მობილიზების პოტენციალი აქვს. გეგმა შეიცავს საფლაგმანო ინიციატივების ნაკრებს თითოეული პარტნიორი ქვეყნისთვის და ეყრდნობა მდგრადი ინვესტიციების საფუძვლად შემუშავებულ მმართველობის პრინციპს. ის დაეხმარება ისეთი სიცოცხლისუნარიანი და სამართლიანი საზოგადოებების კონსოლიდაციას, რომელშიც ყველა თანასწორია.
2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ორმხრივი და რეგიონული გრანტების, შერეული ოპერაციებისა და გარანტიების გზით საერთო ჯამში მობილიზებულია 14.5 მილიარდი ევრო. ეს ფინანსები მხარს უჭერს ინვესტიციებს ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში, მიკრო, მცირე და საშუალოს ბიზნესებისთვის დაფინანსებაზე წვდომას, გარემოს მდგრადობას, ციფრულ ტრანსფორმაციას, ჯანდაცვასა და ადამიანურ კაპიტალს.
ათი ძირითადი მიზანი 2025 წლისთვის
დღის წესრიგის ფარგლებში მომავალი პრიორიტეტული საქმიანობის სახით განისაზღვრა ათი ძირითადი მიზანი 2025 წლისთვის:
- ინვესტირება კონკურენტულ და ინოვაციურ ეკონომიკაში – 500,000 მცირე და საშუალო საწარმოს მხარდაჭერა
- ინვესტირება კანონის უზენაესობაში – ყველა მაღალი რანგის ოფიციალური პირი აქვეყნებს დეკლარაციას საკუთარი ეკონომიკური აქტივების შესახებ, და ხდება მათი დადასტურება
- ინვესტირება მდგრად და გონივრული კავშირებში – შენდება ან რეაბილიტაცია უტარდება 3,000 კმ პრიორიტეტულ გზებს და რკინიგზებს
- ინვესტირება ადამიანებში და ცოდნაში – 70,000-მდე ინდივიდუალური მობილობის შესაძლებლობა სტუდენტების, პერსონალის, მეცნიერების, ახალგაზრდების და ახალგაზრდობის საქმეზე მომუშავე ადამიანებისთვის
- ინვესტირება უსაფრთხოებაში და კიბერუსაფრთხოების მუქარისადმი მდგრადობაში – გაძლიერებული ჩარჩოს შექმნა ჰიბრიდული საფრთხეების ამოცნობის და მათი დაძლევის მიზნით; პარტნიორების პოტენციალის გაძლიერება კიბერუსაფრთხოების მუქარისადმი მდგრადობის გასაძლიერებლად და კიბერდანაშაულის წინააღდეგ საბრძოლველად
- ინვესტირება მდგრად ენერგეტიკაში – 250,000 შინამეურნეობა ენერგიის მოხმარებას მინიმუმ 20%-ით ამცირებს
- ინვესტირება გარემოს დაცვის და კლიმატის საკითხებში – დამატებით 3 მლნ ადამიანისთვის ხდება ხელმისაწვდომი უსაფრთხო წყლის სერვისები; წარმოებს ჰაერის ხარისხის კონტროლი და მისი გაჯანსაღება 300 ქალაქში
- ინვესტირება ჯანმრთელობის სიცოცხლისუნარიანობაში – 850,000 ჯანდაცვის მუშაკი ვაქცინირებულია, სარგებლობს უკეთესი აღჭურვილობით და გაუმჯობესებული მკურნალობის და შრომის პირობებით
- ინვესტირება ინკლუზიურ, გენდერულად თანასწორ და მრავალფეროვან საზოგადოებებში, და სტრატეგიულ კომუნიკაციაში – ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების 2,500 ადგილობრივი ორგანიზაციის, 120 დამოუკიდებელი მედია-საშუალების და 2,000 ჟურნალისტის მხარდაჭერა
- ინვესტირება ციფრულ ტრანსფორმაციაში – მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი შინამეურნეობების 80%-ისთვის არის ხელმისაწვდომი.
თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროები 2025-2027 წლებში
ბოლო რამდენიმე წელი ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის უდიდესი შოკებისა და გამოწვევების მომტანი აღმოჩნდა. უკრაინა რუსეთის პირდაპირი სამხედრო და ჰიბრიდული თავდასხმების სამიზნე გახდა, ხოლო რეგიონი ფუნდამენტურად შეცვლილი გეოპოლიტიკური რეალობის გავლენას განიცდის. ამ კონტექსტში აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მოქნილობამ ხელი შეუწყო მნიშვნელოვან რეფორმებს და ინსტიტუტებისა და საზოგადოებების მდგრადობის გაძლიერებას, რის პარალელურადაც ის მხარს უჭერს ყველა დაინტერესებულ მხარეს მთავრობათაშორისი ურთიერთობების მიღმა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანა – აზერბაიჯანი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა და ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოება – ევროკავშირის მიმართ განსხვავებული გზებისა და მისწრაფებების მიუხედავად, კვლავ სარგებლობს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკით. აღმოსავლეთ პარტნიორობა მომავალშიც დაუჭერს მხარს უკრაინასა და მოლდოვას და, ასევე, საქართველოს, თუკი ქვეყანა დაუბრუნდება ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და გაატარებს დემოკრატიულ, თანმიმდევრულ და მდგრად რეფორმებს.
სამომავლოდ, ასევე შენარჩუნდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ძირითადი პრინციპები: პირობების დაკმაყოფილებაზე დამყარებული მიდგომა, ინკლუზიურობა, დიფერენცირება და „მეტი მეტისთვის“ მიდგომა. დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ფუნდამენტური ღირებულებები და კანონის უზენაესობა კვლავ რჩება აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ქვაკუთხედად.
მიმდინარე გამოწვევებზე საპასუხოდ, აღმოსავლეთ პარტნიორობის საშუალოვადიანი პოლიტიკური დღის წესრიგი ადაპტირდა და გაძლიერდა შემდეგ საკვანძო სამიზნე პოლიტიკურ სფეროებში:
- შეთავსებადობა გაფართოების პროცესთან, რაც გულისხმობს იმას, რომ აღმოსავლეთ სამეზობლო აქტიურად უჭერს მხარს უკრაინასა და მოლდოვას – და მათთან ერთად, საქართველოს, თუკი ქვეყანა დაუბრუნდება ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და გაატარებს ევროკავშირში ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამის დემოკრატიულ, თანმიმდევრულ და მდგრად რეფორმებს – ევროკავშირში გაწევრიანების გზებზე, რის პარალელურადაც აგრძელებს დაინტერესებული პარტნიორების მხარდაჭერას ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი რეფორმების მიმართულებით, განსაკუთრებით კი კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში;
- რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებული დღის წესრიგი უსაფრთხოებისა და დემოკრატიული და საზოგადოებრივი მდგრადობის მიმართულებით, რაც რეგიონში გაზრდილი ჰიბრიდული საფრთხეების და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას დაეხმარება;
- სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, მწვანე გარდაქმნის და რეგიონული ინტეგრაციისა და კავშირების გაძლიერება გრძელვადიანი ტრანსფორმაციის ხელშესაწყობად უნდა წარმოადგენდეს ევროკავშირის ინვესტიციების მთავარ სამიზნეს „გლობალური კარიბჭის“ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში;
- ჩართულობის გაძლიერება ახალგაზრდობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, მათ შორის ქვეყნებში და ემიგრაციაში მყოფ ადამიანის უფლებათა დამცველებთან.
გაფართოება
ამჟამად აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყანა (უკრაინა, მოლდოვა და საქართველო) გადის ევროკავშირში გაწევრიანების გზას. ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. წევრობის მოსაპოვებლად თითოეულმა ქვეყანამ ერთი და იგივე პირობები უნდა დააკმაყოფილოს და ერთი და იგივე ნაბიჯები შეასრულოს.
უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 2022 წლის 28 თებერვალს წარადგინა, რასაც 3 მარტს მოჰყვა საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის განაცხადები. 2022 წლის ივნისში ევროკავშირის საბჭომ მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა. იმავე წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მოლდოვასა და უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. თუმცა, 2024 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობის კურსი საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის სვლას ევროკავშირის გზაზე, რის შედეგადაც გაწევრიანების პროცესი შეჩერდა.
დამატებითი ინფორმაციისთვის
აღმოსავლეთ პარტნიორობა: ევროკავშირის საბჭო
აღმოსავლეთ პარტნიორობა: ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურიაღმოსავლეთ პარტნიორობა: გენერალური დირექტორატი გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში (DG ENEST)